2022 წლის განახლებული პროგნოზით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 15 193,0 მლნ ლარს შეადგენს

2022 წლის განახლებული პროგნოზით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 15 193,0 მლნ ლარს შეადგენს. 2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით 2022 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იზრდება 2 271,0 მლნ ლარით (17,6%-ით).

მშპ-სთან მიმართებაში 2022 წელს საგადასახადო შემოსავლები 23,5%-ს შეადგენს და იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული მომდევნო წლებშიც.

2022 წელს საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:

      • საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 602.3 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 4 262,1 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 340,2 მლნ ლარს;

2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით საშემოსავლო გადასახადი გაზრდილია 25,2%-ით (926,7 მლნ ლარით). აღნიშნული მოცულობით ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად მოსალოდნელი გადაჭარბების, მომდევნო წელს ეკონომიკის ნომინალური ზრდის და მიმდინარე წელს არსებული საგადასახადო შეღავათის დასრულების ფისკალური ეფექტებით;

მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 359.2 მლნ ლარით;

2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით მოგების გადასახადი გაზრდილია 42,9%-ით (408,2 მლნ ლარით). აღნიშნული მოცულობით ზრდა გამოწვეულია საფინანსო სექტორის მიერ გადასახდელი გადასახადების მაღალი მოცულობით. მიმდინარე წელს საფინანსო სექტორის მიერ გადახდილი მოგების გადასახადი მინიმალურია, ვინაიდან 2020 წელს სექტორში მოგება მცირე იყო. მიმდინარე წელს აღნიშნულ სექტორში მოგების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც იწვევს 2022 წელს გადასახდელი მოგების გადასახადის ზრდას.

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 616.9 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 5 359.7 მლნ ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტების წილი – 1 257.2 მლნ ლარს (მუნიციპალიტეტების დღგ 2021 წელთან შედარებით იზრდება 143.8 მლნ ლარით);

2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით დღგ გაზრდილია 12,9%-ით (756,9 მლნ ლარით). აღნიშნული მოცულობით ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად მოსალოდნელი გადაჭარბების და მომდევნო წელს ეკონომიკის ნომინალური ზრდის ფისკალური ეფექტებით;

აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 876.9 მლნ ლარის ოდენობით, რაც 76,9 მლნ ლარით აღემატება 2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელს;

იმპორტის  გადასახადის  საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 84.1 მლნ ლარით, რაც 4,1 მლნ ლარით მეტია 2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელზე;

ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 524.2 მლნ ლარს;

2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით ქონების გადასახადი 10,4%-ით (49,2 მლნ ლარით) იზრდება. აღნიშნული ზრდა დაკავშირებულია მომდევნო წლიდან ტურიზმის სექტორისთვის დადგენილი შეღავათის ვადის ამოწურვასთან და მიმდინარე წლის ფაქტიური შესრულების დინამიკასთან.

სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 129.4 მლნ ლარით, რაც 49,4 მლნ ლარით მეტია მიმდინარე წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე ხარჯები

პანდემიის საპასუხო ღონისძიებების დაფინანსების შედეგად, 2020-2021 წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდა მიმდინარე ხარჯების მოცულობა და მშპ-სთან მიმართებაში 2020 წელს 26,2%, ხოლო 2021 წელს 24,7% შეადგინა. 2022 წელს მიმდინარე ხარჯების მოცულობა ჯამში დაგეგმილია 14,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 22,0%-ს შეადგენს. იგივე ნიშნული შენარჩუნებულია 2023 წელსაც, ხოლო 2024-2025 წლებში კლებადი ტენდენცია აქვს და უბრუნდება პანდემიამდე არსებულ ნიშნულს.

კაპიტალური ხარჯები

პანდემიის მიუხედავად, 2020-2021 წლებში არ შემცირებულა კაპიტალური ხარჯების მოცულობა და მშპ-სთან მიმართებაში 2020 წელს 9,0%, ხოლო 2021 წელს 8,2% შეადგინა. 2022 წელს კაპიტალური ხარჯების ჯამში დაგეგმილია 5,5 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 8,5%-ს შეადგენს. მომდევნო წლებში, ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად კაპიტალური ხარჯები მცირდება და მშპ-ს 7,0%-7,1%-ის ფარგლებშია, რაც საკმაოდ დიდი შემცირებაა და საჭირო იქნება დამატებითი არადეფიციტური რესურსების მოძიება

საბიუჯეტო დეფიციტი და მთავრობის ვალი

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, იმავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული პარამეტრების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • 2022 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრის მიღმა − 2 750.7 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 4.3%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%);
  • 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 52.1%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების საორიენტაციო შეფასება (2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 0.6%-ით − ჯამი: მშპ-ის 52.7% (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%).

 

შემთხვევითი სიახლე

გაძვირებულ ვალს მთავრობა ბიუჯეტიდან, მომხმარებელი კი ჯიბიდან გადაიხდის

მთავრობა საგარეო ვალზე უარს ამბობს. სამაგიეროდ  საშიანოს ზრდის.  2022 წლის ბიუჯეტის პროექტით  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების …