2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა რაოდენობა 2.5%-ით გაიზარდა

2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 308 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 222 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 1 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.2%) იმერეთში ფიქსირდება.

“საქსტატის” ინფორმაციით, 2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 624.5 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 2.5 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 90.4 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 9.6 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.0 პროცენტი გოგოა, ხოლო 52.0 პროცენტი – ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.1%) თბილისში სწავლობს.

2020/2021 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 7 050 მოსწავლემ, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.8 პროცენტი გოგოა, ხოლო 57.2 პროცენტი – ბიჭი.

2021/2022 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 176 350 მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.4 პროცენტით მეტია.

2021 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 38 734 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.3 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 47 617 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია, ხოლო საბაზო განათლება – 44 832 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 10.9 პროცენტით ჩამორჩება.

2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 981 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.4 პროცენტით მეტია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.2 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.8 პროცენტია.

შემთხვევითი სიახლე

“ზარაფხანა”-ს მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ ახალ დიზაინზე „ჭადრაკი“ საქპატენტმა დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა

„ზარაფხანა“-ს მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ ახალ დიზაინზე „ჭადრაკი“ საქპატენტმა დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა 2018 წლიდან დღემდე, კომპანია …