2021 წელს საგადასახადო შემოსავლებმა 13 მლრდ 820 მლნ ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 23,2%-ია – ლაშა ხუციშვილი

2021 წელს საგადასახადო შემოსავლებმა 13 მილიარდ 820 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 23,2 პროცენტია – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, 2021 წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა და ჯამში, ზრდამ მილიარდ 226 მილიონი ლარი შეადგინა.

„საბოლოო გეგმა 13 მილიარდ 271 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფაქტიური შესრულების მიხედვით, მობილიზებულმა საგადასახადო შემოსავლებმა 13 მილიარდ 380 მილიონი ლარი შეადგინა, რაც პირველად გეგმასთან შედარებით, მილიარდ 335 მილიონი ლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ პანდემიის საპასუხოდ დაწესებული საგადასახადო შეღავათების მაჩვენებელი, 270 მილიონი ლარი იყო. გარდა ამისა, საგადასახადო ზედმეტობის ქვეანგარიშზე აკუმულირებულმა თანხამ 170 მილიონ ლარს გადააჭარბა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, 2021 წელს მობილიზებულმა საგადასახადო შემოსავლებმა 13 მილიარდ 820 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23,2 პროცენტია.

„დაგეგმილთან შედარებით, მაღალი გადაჭარბება იყო საგადასახადო შემოსავლების ყველა სახეში, თუმცა შევჩერდები გადასახადების იმ კატეგორიებზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას. დღგ-ის გეგმიური მაჩვენებელი 5 მილიარდ 367 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, ფაქტიურად მობილიზებულ იქნა 650 მილიონი ლარით მეტი, 6 მილიარდ 30 მილიონი ლარი. საშემოსავლო გადასახადში ფაქტიურმა მაჩვენებელმა 3 მილიარდ 776 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო დაწესებული შეღავათის ეფექტის ჩათვლით, 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. პირველად გეგმასთან შედარებით, გადაჭარბება თითქმის 200 მილიონი ლარი იყო, რაც პირდაპირ ნიშნავს პროგნოზირებულთან შედარებით უფრო მაღალ დასაქმებასა და შესაბამისად, კერძო სექტორის მიერ მეტი ანაზღაურების გაცემას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

Maersk-მა შუა დერეფნის სარკინიგზო მომსახურება დაიწყო, მატარებელი ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მიიღო

სატრანსპორტო სფეროში მომხმარებელთა საჭიროებების საპასუხოდ, Maersk-მა მომხმარებლებს ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება შესთავაზა, რომელიც აზიას და ევროპას ცენტრალური …