2012-2022 წლებში საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება ყოველწლიურად საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა – სემეკი

სემეკმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის ენერგეტიკული ბაზრის ტენდეციებიცაა ასახული. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2012 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება  ყოველწლიურად საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა. სემეკის განცხადებით, ამ ტენდენციის მიზეზი როგორც არსებული ელექტროსადგურების რეაბილიტაცია, ისე ახალი ელექტროსადგურების გაჩენაა.

2022 წელს ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა წელთან შედარებით 12.5%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 27.8%-ით გაიზარდა. წარმოების გაზრდა გამოწვეულია გაზრდილი წყალმოდინებით/კარგი ჰიდროლოგიური წლით. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე ელექტროსადგური (ჯამური დადგმული სიმძლავრე 26.92 მგვტ). 2012-2022 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 4%-ით იზრდება, რაც ჰიდროლოგიის გარდა, მიმდინარე წლებში ექსპლუატაციაში შესული და რეაბილიტირებული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით არის განპირობებული”აღნიშნულია სემეკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

 

უნდა აღინიშნოს, რომ გენერაციის ზრდის პარალელურად, 10 წლიან პერიოდში ზრდის ტენდეციით ხასიეთდებოდა ელექტროენერგიის მოხმარებაც, უფრო კონკრეტულად,  ყოველწლიური საშუალო ზრდის ტემპი 4.5%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, 2022 წელს საქართველოში იგი წინა წელთან შედარებით 3.6%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 17.3%-ით გაიზარდა. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2012-2022 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 4.5%-ით იზრდებოდა (იხ. ნახაზი 2.6). ელექტროენერგიის წარმოების სტრუქტურაში თბოსადგურებიდან გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის წილი 2021 წელთან შედარებით 26.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წელთან შედარებით 6.2.%-ით შემცირდა და ჯამურად წარმოებულ ელექტროენერგიაში აღნიშნულის წილმა 23.2% შეადგინა. შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა აღნიშნულ სტრუქტურაში 76.2%-ს მიაღწია, რაც 6.2%-ით ჩამოუვარდება 2021 წლის და 2.4%-ით აღემატება 2020 წლის შესაბამის მონაცემებს, 2016 წლის ბოლოს ექსპლუატაციაში შესული ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა კი 0.6% შეადგინა”. – აღნიშნულია  სემეკის ანგარიშში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის გენერაციის პოზიტიური ტენდეციების  პარალელურად, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო 2022 წელს იყო, საქართველოდან ენერგორესურსის ექსპორტი გაიზარდა, ხოლო იმპორტი, პირიქით, შემცირდა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს 2021 წელთან შედარებით, ექსპორტი 2.5-ჯერ გაიზარდა და 971 გვტ.სთ შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 23.6%-ით შემცირდა.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …