191400 მესესხებელს სესხი არ გაუძვირდა

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 191400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8734.6 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1 მარტიდან 1 მაისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა შემცირებულია 400 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 8554 მილიონიდან 8734.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
191400 ხელშეკრულებიდან 84300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1229 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მარტის  მდგომარეობთ 20.36% შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 მაისის მონაცემებით 70100 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.51%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3022  მილიონი ლარია.
36000 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 აპრილთან შედარებით 200-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 4432 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1168 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 15.80%-ში, ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 მაისის მონაცემებით 3264 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.32%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 მაისის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 18.2 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 20.89%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 3000 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 30.3 მილიონი ლარია.
1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 40.8%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ავტო სესხზე – 20.89%-ია, რომელსაც მოყვება სამომხმარებლო სესხი – 20.36%-იანი განაკვეთით.
1 მაისის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა შემცირებულია. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე 11.95%-დან 12.51%-მდე.

“საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესუსტების გამოძახილია. პანდემიით გამოწვეულ ინფლაციურ პროცესებს თან დაერთო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი რისკებიც, მსოფლიო ბაზარზე გარკვეულ სასაქონლო კატეგორიებზე ფასების ზრდა. აპრილის თვის ინფლაციამ 12.8% შეადგინა, რაც ზემოაღნიშნული შოკების გამორიცხვის გარეშე უფრო მეტად შემცირებული უნდა ყოფილიყო სხვა თანაბარ პირობებში. ინფლაციის შემცირებაზე დადებითად მოქმედ ფაქტორებს შორის, შესაძლებელია, გამოვყოთ ლარის გამყარება და შედარებითი სტაბილურობა, რაც იმპორტირებული ინფლაციის შესუსტებას განაპირობებს.
გაზრდილია როგორც შიდა ასევე საგარეო მოთხოვნა. ასევე მნიშვნელოვნადაა შენარჩუნებული საკრედიტო აქტივობა, მათ შორის, უცხოური ვალუტის სესხების ხარჯზეც. თუმცა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე ცალსახა შემცირებაა მიზნობრიობის გარეშე გაცემულ სესხებში, სადაც დაახლოებით 65%-იანი კლებაა პირველი მაისის მონაცემებით.
ინფლაციის ფონზე, ახალი შოკის დამატების პირობებში, უარყოფითი ინფლაციური მოლოდინების ფორმირების გაზრდილი რისკია, რითიც აიხსნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის არსებულ დონეზე შენარჩუნება. ინფლაციური ზეწოლის ერთი მთავარი არხი ნავთობის ფასების ზრდაა, რაც ეკონომიკის სექტორებში ჯაჭვურად იწვევს ფასების ზრდას და შესაბამისად დიდი კონტრიბუცია აქვს ინფლაციაში, ხოლო მეორე წყარო მიწოდების არხია, როდესაც რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო გარკვეულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასები გაიზრდება.
მონეტარული სტაბილურობისათვის აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციასთან”, განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში “საზოგადოება და ბანკები”.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …