14-15 ივნისს თბილისში რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით 14 -15 ივნისს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია – „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community), სხვადასხვა ქვეყნების ენერგეტიკის სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორი და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები, დარგის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.
კონფერენციას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) წარმომადგენლები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება რეგიონში ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, საინვესტიციო პოლიტიკასთან, განახლებადი ენერგიების ეფექტიან რეგულირებასთან, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციასა და ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ენერგეტიკის სექტორში დავებისა და მედიაციის პროცესის სტრატეგიული მენეჯმენტის საუკეთესო გამოცდილების შესახებ.

 

შემთხვევითი სიახლე

ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება. პროექტის …