საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია “კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები” იმართება

16-17 ნოემბერს, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციის ორგანიზატორი ბაზრის ხუთი მარეგულირებელი უწყებაა: საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, სემეკი, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. კონფერენციაზე კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები განიხილება.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მიმართა და ისაუბრა თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე. “საქართველოს ეროვნული ბანკისთვის 2020-2021 წლები კონკურენციის პოლიტიკაზე მუშაობის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტიური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ორგანული კანონით ეროვნულ ბანკს უკვე ჰქონდა განსაზღვრული კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების მანდატი, 2020 წელს კონკურენციის კანონში შეტანილი ცვლილებებით, ეროვნული ბანკის უფლებამოსილება ამ მიმართულებით გაიზარდა. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები უპირობო საფუძველი აღმოჩნდა ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულ პოლიტიკასა და რეგულაციებზე დაგვეწყო მუშაობა. შედეგად, 2021 წელს, ეროვნულმა ბანკმა ორი დოკუმენტი შეიმუშავა და გამოაქვეყნა. 2021 წელს, წესების შემუშავებიდან მოკლე პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა ახალი წესების მიხედვით რამდენიმე საქმე განიხილა. ამ პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობდით კონკურენციის სააგენტოსთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალი წესების პრაქტიკაში პირველად გამოყენების ეტაპზე. ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ბაზრის კონკურენციის მონიტორინგი 2022 წელს კიდევ უფრო გააქტიურდა. ვფიქრობთ, შემუშავებული წესების ეფექტიანად აღსრულებით, მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს საფინანსო ბაზარზე თავისუფალ და სამართლიან კონკურენციას და ამით, ასევე, გაიზრდება ეროვნული ბანკის მიერ კონკურენციასთან დაკავშირებული საქმიანობის და გადაწყვეტილებების ეფექტიანობა და გამჭვირვალობა. საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები საფინანსო სექტორის ბაზრების მეტი ეფექტიანობისკენ არის მიმართული”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, მეგობარი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების გარდა, მონაწილეობას 20 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს. მათ შორის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა და სხვა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები.

კონფერენციის ფარგლებში, კონკურენციის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების, მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების და აღსრულების პროცესის თავისებურებები განიხილება. ასევე, აღსრულების ირიბი მექანიზმების და რეგულირებულ ბაზრებზე/უწყებათაშორისი თანამშრომლობის კონკურენციის პოლიტიკის შესახებ პარალელური თემატური სესიები გაიმართება. სესიების მონაწილეები ერთმანეთს მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოსა და ევროპის პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …