თბილისი (BPI) – მარნეულსა და ბოლნისში მდებარე ბრენდული კომპანიების გასამართი ყველა სადგური მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში აგრძელებს მომხმარებელთა – როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელთა, ისე სხვადასხვა სპეციალური დავალებებით ადგილზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა საწვავით უზრუნველყოფას – აცხადებს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი.
ადგილზეა გასამართი სადგურების ყველა თანამშრომელი. აღნიშნულ ორ რაიონში, ხუთი ბრენდული კომპანიის 16 გასამართი სადგური ფუნქციონირებს – ჯამში, 140-მდე დასაქმებული ადამიანით. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ცვლებად, შესაბამისი გრაფიკის თანახმად და რაც მთავარია – უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.
საკარანტინო რეჟიმის შემოღებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა თითოეული ბრენდული ნავთობკომპანიის დღის წესრიგში. საწვავით მომარაგება ხორციელდება შესაბამის სამსახურებთან სრული კოორდინაციით. ნავთობპროდუქტების გადამზიდავი ტრანსპორტის პერსონალი ასევე ეკიპირებულია უსაფრთხოების პირობების მოთხოვნათა შესაბამისად.
“ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად საკარანტინო პირობებისა, რათქმაუნდა განსაზღვრული წესების სრულად დაცვით, ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა – ამ გადასახედიდანაც ძალზე მნიშვნელოვანია ბრენდული გასამართი სადგურების მზაობა უზრუნველყონ მომხმარებლები ნებისმიერი ტიპის საწვავით შეფერხების გარეშე” – განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.