თბილისი (BPI) – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების ზეგავლენისგან დაცვას ურჩევს.
რეკომენდაციის თანახმად, უმნიშვნელოვანესია კანონმდებლობის და სახელმწიფო პოლიტიკის სათანადოდ დაცვა, მათ შორის, თამბაქოს ახალი პროდუქტებისა და ელ-სიგარეტების მიმართ რეგულაციების შენარჩუნება.
WHO-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიო ბაზარზე ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი დაახლოებით 15 წლის წინ გამოჩნდა, საქართველოში კი, უფრო გვიან, თუმცა, სწრაფადვე მასშტაბური მოხმარების პროდუქტი გახდა. 2016 წელს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში, 13-15 წლის ბავშვებში თამბაქოს მოხმარება შეისწავლა.
“დადგინდა, რომ ამ ასაკის ბავშვების 12,6% ჩვეულებრივ სიგარეტს, ხოლო 13,2% ელ-სიგარეტს რეგულარულად მოიხმარს. აღსანიშნავია, რომ ელ-სიგარეტების მოხმარებელ ბავშვთა 40%-ს არასოდეს გაუსინჯავს თამბაქოს სხვა ნაწარმი, ხოლო 39% მასთან ერთად რეგულარულად მოიხმარს სხვა თამბაქოსაც.
ეს ციფრები პრობლემის ხასიათსა და მასშტაბზე მიგვანიშნებს, – ე.წ. ახალი თამბაქოს ნაწარმი და ელ-სიგარეტები სავარაუდოდ, მომხმარებელთა ახალ სეგმენტებს იზიდავს და ხშირად მოწევის დაწყების საშუალებაა, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო ზრდის ნიკოტინდამოკიდებულების მასშტაბებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იქვე მიმოხილულია, საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობასთან დაკავშირებული მდგომარეობა და ნათქვამია, რომ თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობა პარლამენტმა 2017 წლის მაისში მიიღო. “კანონში ასახული თანამედროვე მიდგომების გამო, მას ხშირად „ახალი თაობის“ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას უწოდებენ და მრავალი ქვეყნისთვის სამაგალითოა. ასეთ შეფასებას ე.წ. ელ-სიგარეტების და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის რეგულაციაც განაპირობებს. საქართველოს კანონმდებლობით, ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემები და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები თამბაქოს ყველა სხვა ნაწარმის მსგავსად რეგულირდება. აკრძალულია მისი მოხმარება დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში, რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა, მათ შორის, დახლებზე გამოფენა, რეგულირდება მათი რეალიზაციის წესები და სხვა. რეგულაციების მიზანია საქართველოში, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში, თამბაქოს პროდუქტების მოხმარების შემცირება და აღმოფხვრა.
იმის გამო, რომ აღნიშნული პროდუქტები შედარებით ახალია, ჯანმრთელობაზე მათი უარყოფითი ეფექტები ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. უკვე ცნობილია, რომ ისინი შეიცავენ და/ან მოხმარებისას გამოყოფენ ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის მქონე ნივთიერებებს. ამასთან, თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებების მიუხედავად, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს პროდუქტები მოწევაზე თავის დანებების საშუალებაა. მათ შემადგენლობაში არსებული ნიკოტინი დამოკიდებულებას იწვევს. ამასთან, შეიცავენ სხვა ისეთ ნივთიერებებსაც (მ.შ. კანცეროგენები), რომელთაც უარყოფითი გავლენა აქვთ ჯანმრთელობაზე და შესაბამისად, დამოუკიდებელ კვლევებს საჭიროებენ. ამ პროდუქტების შემადგენელი ნივთიერებებისგან მოსალოდნელის გარდა, სხვა ტიპის რისკებიც არსებობს. აღსანიშნავია, რომ ელ-სიგარეტებს და გასახურებელ თამბაქოს მრავალ პროდუქტს ფლობს ის კომპანიები, რომლებიც წარსულში უპირატესად სიგარეტს აწარმოებდნენ. უკვე არსებული მონაცემების თანახმად, ეს ახალი პროდუქტები თამბაქოს კონტროლის რეგულაციების გვერდით ავლის და თამბაქოს მოხმარების რენორმალიზაციისთვის გამოიყენება, რაც საზოგადოების ჯანმრთელობის ინტერესებს ეწინააღმდეგება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს ურჩევს გასახურებელი თამბაქო თამბაქოს სხვა პროდუქტების მსგავსად დაარეგულირონ, რაც საქართველოს კანონმდებლობაში უკვე ასახულია. ეს არ გამორიცხავს ქვეყნების მიერ, ეროვნული ინტერესების შესაბამისად მათ სრულ აკრძალვასაც. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა თანხვდება და პასუხობს გლობალურ ტენდენციებს და ასახავს დღეს არსებული ცოდნის დონეს ელექტრონული სიგარეტების და მსგავსი პროდუქტების პოტენციური რისკების შესახებ. ეს ეფექტური გზაა ახალგაზრდების და ბავშვების, არამწველების და სხვათა მიერ თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის დაწყების პრევენციისათვის. ამ პროდუქტების მიმართ მსოფლიოს მრავალ ქვეყანას უფრო მკაცრი რეგულაციებიც აქვს, 32 ქვეყანაში ისინი აკრძალულია.