ნავთობპროდუქტების ბაზარი და მოლოდინები

თბილისი (BPI) – საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა და ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის ტენდენციები განიხილეს, პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვარალაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში ნავთობპროდუქტების მოხმარება საგანგებო ვითარების გამო თითქმის განახევრებულია. არსებული მარაგი საჭიროზე მეტია და საწვავზე ფასის კლება აუცილებლად გაგრძელდება.

მისივე განმარტებით, ნავთობის ფასის მსგავსი კლება გლობალურ ბაზარზე ბოლო ოცი წელია, არ მომხდარა და ეს ძირითადად პლანეტის სამი მილიარდიანი მოსახლეობის კარანტინში ყოფნას უკავშირდება, რის შედეგადაც საწვავზე მოთხოვნა დაეცა.

როგორც მთვრალაშვილი აცხადებს, მსოფლიო ტენდენცია ქართულ ბაზარზეც აისახა. ბოლო ორი თვის განმავლობაში საწვავის ფასი საშუალოდ 35 თეთრით შემცირდა და კლება გაგრძელდება.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში საშუალო ფასი საცალო ქსელში შემცირებულია 35 თეთრით, რიგ შემთხვევაში შეიძლება, უფრო მეტიც იყოს ცალკეული ოპერატორების მიერ აღებული, თუმცა ლოიალური კორპორატიული მომხმარებლისთვის ფასდაკლების კიდე განსხვავებული სისტემა არსებობს და მთლიანობაში ფასი გაცილებით მეტად არის შემცირებული. ფასების შემცირება აუცილებლად გაგრძელდება. ეს არ არის ის დაბალი ზღვარი, რომელზეც ფასების შემცირება გაჩერდება“-აღნიშნავს მთვრალაშვილი.

მისი ინფორმაციით, დღეს საქართველოში ფასები არის მრავალფეროვანი მათ შორის არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე უკიდურესად დაბალი ფასები ფიქსირდება. აქ ფასები უკვე ჩამოსცდა 1.70 ლარის ნიშნულსაც.

რაც შეეხება ბრენდირებულ გასამართ სადგურებს, იქ ფასი შედარებით მაღალია, თუმცა ამასაც თავისი ლოგიკური მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ ცალკე აღებული არაბრენდირებული კომპანიები ოპერირებენ გარკვეული ნაშთების, მარაგების გარეშე.

„ შესაბამისად, მათთვის გაცილებით ადვილია ფეხის აწყობა გლობალური ბაზრის ფასზე, რადგან ისინი მცირე პარტიის რეალიზაციის შემდეგ გადიან საბითუმო ბაზარზე, სადაც შეიძლება ითქვას, თითქმის გლობალური ბაზრის ადეკვატური ფასებია. შესაბამისად, მათი ფასებიც დაბალია. თუმცა გიფიქსირებთ, რომ ფასების შემცირება აუცილებლად გაგრძელდება“, – აცხადებს მთვრალაშვილი.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობაში ქვეყნის ნავთობპროდეუქტებით მომარაგების საკითხს, მთვრალაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საკმარისზე მეტი მარაგია, რადგან მოხმარება ფაქტობრივად განახევრდა და არც იმპორტის შეფერხებაა მოსალოდნელი.

მთვრალაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში მოხმარება შემცირებულია ცნობილი მოვლენების გამო. შესაბამისად, საშუალო გათვლით მოხმარების 40-პროცენტიანი კლებაა, თუმცა რიგ შემთხევაში შეიძლება მეტიც იყოს.

„მე პირადად ვფიქრობ, რომ უახლოეს 20 დღეში მოხმარება კიდევ უფრო შემცირდება, რადგან საგანგებო ვითარება გაგრძელდა. მათ შორის მოძრაობა, რომელიც ყოველთვის აქტიური იყო წინასააღდგომო დღესასწაულებში მნიშვნელოვნად იქნება შეზღუდული და ეს, რა თქმა უნდა, მოხმარებას შეამცირებს. პირველი კვარტლის სამი თვის იმპორტის მონაცემებს თუ წინა წლის სამ თვეს შევადარებთ, იმპორტის დაახლოებით ხუთპროცენტიანი მატებაა დაფიქსირებული. 12 ათასი ტონით მეტი პროდუქტია შემოსული. იმ პირობებში, როდესაც გაყიდვები თითქმის განახევრებულია და იმპორტი გაზრდილი, რა თქმა უნდა, ნაშთების და მარაგების მხრივ მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია. ჩვენი მომწოდებელი ქვეყნებიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში მოწოდების წყვეტა არ ყოფილა არასოდეს. ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი, რუსეთი, თურქმენეთი. ერთადერთი პრობლემა შეიქმნა ირანიდან თან დაკავშირებით, თუმცა ეს ინფრასტრუქტურულ თემას უკავშირდება და ცალკე საკითხია.

ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტული პროდუქტის შეზღუდვა მნიშვნელოვან პრობლემას არ შექმნის. ნაშთები და მარაგები იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს. ჩვენი მოლოდინი, რომ ვითარება იქნება სტაბილური, სავსებით რეალურია. მეტიც, ველოდებით, რომ ფასი შემცირდება, რაც ქვეყნისთვის და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – აცხადებს მთვრალაშვილი.

შემთხვევითი სიახლე

როგორი იყო 2023 წელი Mastercard-სთვის საქართველოში

ციფრული გადახდების გლობალური ლიდერისთვის, Mastercard-სთვის, 2023 წელი, ისევე როგორც წინა წლები, უამრავი ახალი გამოწვევით, გამორჩეული …