მშენებლობის მტვრის მორევში

თბილისი (BPI) – თაკო ჭულუხაძის დილა, რომელიც გურამიშვილზე მშენებარე კორპუსების გარემოცვაში აგერ უკვე ერთ წელზე მეტია ცხოვრობს, მტვრის წმენდით იწყება. ეს სულაც არაა მისი საყვარელი საქმიანობა, მაგრამ დღეში 7-8-ჯერ მაინც უწევს მტვრის სხვადასხვა ნიივთიდან გადაწმენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში სუნთქვაც კი ჭირს.

„ფანჯრების გაღებას ვერიდები, მხოლოდ ღამით ან სახლიდან გასვლისას თუ გამოვაღებ ხოლმე. სახლში დაბრუნებულს მგონია, რომ სახლში თვეებია არავინ ყოფილა“. მიუხედავად იმისა, რომ საწმენდი საშუალებებით შეიარაღებულს, სახლის მუდმივი წმენდა თაკოს უწევს, ყველაზე მეტად მშენებლობებიდან შემოსული მტვერი მაინც თაკოს 8 წლის გოგონას, მია კვანთრიშვილს აწუხებს. „სულ მაცემინებს და ვერ ვჩერდები“, – ამბობს მია უკმაყოფილო ინტონაციით.

თაკო ჭულუხაძე, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ერთი წელი და ოთხი თვეა ახალ ბინაში გადმოვიდა. მშენებლობების ფონზე ცხოვრება და „ბრძოლა შემოჭრილი მტვრის წინააღმდეგ“ ადვილი სულაც არ აღმოჩნდა.

„ვერ ვიტყვი, რომ მშენებლობები უნდა შეჩერდეს ან არაფერი აშენდეს ჩემს ირგვლივ, რომ მტვერმა არ შემაწუხოს, თუმცა მგონია სამშენებლო რეგულაციები უნდა იყოს იმდენად მკაცრი, რომ ყველა მშენებლობა შეიფუთოს მტვრისგან დამცავი ბადეებით და ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი, თვალის ახვევის მიზნით“.

როგორია სახელმწიფო რეგულაციები და მერიის დამოკიდებულება შენობების შეფუთვასთან დაკავშირებით მშენებლობის დროს ანუ რამდენად სერიოზულად აღიქვამენ ისინი ამ პრობლემას? თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, მშენებლობებზე უსაფრთხოების კონტროლი ხორციელდება მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“-სა (https://matsne.gov.ge/ka/document/view/2357152?publication=0) და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N477დადგენილებით დამტკიცებული „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3836869?publication=0) განსაზღვრული პირობებით. ინფორმაციის საფუძველზე ვიგებთ, რომ საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 49-ე მუხლის „ა“ პუნქტით, 2018 წლის 21 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის განსაზღვრული 3000 ლარიანი ჯარიმა, გაიზარდა 10-ჯერ და გახდა 30 000 ლარი.

მერიიდან მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევით ნაწარმოები სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამსახურმა 2015 წელს დაიწყო საქმის წარმოება 45 ობიექტზე, აქედან დაჯარიმებულია 22 ობიექტის მშენებელი; 2016 წელს დაიწყო საქმის წარმოება 181 ობიექტზე, დაჯარიმებულია – 50; 2017 წელს დაიწყო საქმის წარმოება 157 ობიექტზე, დაჯარიმდა – 31; 2018 წელს დაიწყო საქმის წარმოება 69 ობიექტზე, აქედან სამსახურმა მიიღო 38 დადგენილება დაჯარიმების შესახებ. 2019 წელის 1-ლი იანვრიდან დღემდე დაიწყო საქმის წარმოება 5 ობიექტზე, აქედან სამსახურმა მიიღო 5 დადგენილება დაჯარიმების შესახებ. როგორც მონაცემებიდან ჩანს წლების მატებასთან ერთად დარღვევების და შესაბამისად კომპანიების დაჯარიმების რაოდენობა იკლებს, მტვერი არა.

ჩატარდა არაერთი მოკვლევა მათ შორის საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში დასტურდება, რომ თბილისში ჰაერის დამაბინძურებელ კომპონენტებს შორის მნიშვნელოვანი წვლილი მტვერს აქვს. ჰაერში მტვრის მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება, როგორც ჯამური მტვრის მონიტორინგის, ასევე მტვერში არსებული მცირე დისპერსიული ნაწილაკების (PM2.5 და PM10).

ანალიზის შედეგად ცნობილია, რომ PM2.5 განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ის ღრმად და ბევრად მარტივად აღწევს ორგანიმში, უჯრედის დონეზე ილექება და მთელ რიგ პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. მტვრის ნაწილაკების PM2.5 და PM10 საშიშროებაზე ექსპერტმა გარემოს დაცვის საკითხებში ნუგზარ ბუაჩიძემაც ისაუბრა და მან მედიასთან აღნიშნა, რომ მტვრის განსაკუთრებულად მაღალი კონცენტრაცია ქალაქის სამშენებლო მოედნებზე ფიქსირდება. „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კვლევამ აჩვენა, რომ თბილისში მხოლოდ ავტოტრანსპორტი არ ყოფილა ატმოსფეროს დამაბინძურებელი, არამედ ის სამშენებლო ობიექტები, რომლებიც მრავლად არის ჩვენს ქალაქში“, – ამბობს ის.

კომპანია ეკოხედვის დამფუძვნებლის ნინო სულხანიშვილის აზრით, არსებობს რეკომენდაციები და მნიშვნელოვანია მისი გათვალისწინება. “მშენებლობების შეფუთვის გარდა, რომელიც ასე თუ ისე კონტროლდება, აუცილებელია სხვა სამშენებლო სტანდარტის შექმნა და დანერგვა, ტექნიკური რეგლამენტი, რომ არ მოხდეს მაგალითად, ავტოტრანსპორტის გამოსვლა სამშენებლო ობიექტიდან გარეცხვის გარეშე, თუ შენობა არ იქნება სათანადოდ შეფუთული, ნარჩენის ტრანსპორტირება არ მოხდება ღია ძარით, არ მოხდება მყარი მასალების დაჭრა მშრალი წესით და ა.შ.

ყველა ამ რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებამდე და სამშენებლო სამუშაოების შედეგად გამოყოფილი მტვრის შემცირებამდე, ყველას შეგვიძლია ვესტუმროთ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდს: NEA.GOV.GE სადაც ვნახავთ რომ ჰაერში მტვრის რაოდენობა არის მაღალი მაგრამ ის არ ცილდება ზღვრულად დასაშვებ ნორმას, მაგრამ ვიდრე ძალიან გვიან არ არის, მმართველებს ამ საკითხზე მუშაობა ნამდვილად მოუწევთ.

სოფო წიკლაური

საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

ბაკურიანი, როგორც ტურისტების საყვარელი კურორტი და ოთხივე სეზონზე დასვენებისთვის საუკეთესო ადგილი

ბაკურიანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ტურისტების საყვარელი სამთო-სათხილამურო კურორტია. ბაკურიანი ტურისტების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა, …