თბილისი (BPI) – სასტუმრო ბილტმორ თბილისის დიდ დარბაზში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora”-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ეროვნული მასშტაბის კონკურსი, რომელიც უკვე მეორე წელია წარმატებით ტარდება, აჯილდოებს საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტებისა და ინიციატივებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში. კონკურსის მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია; კომპანიების წახალისება, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.
საზეიმო ღონისძიებას დაესწრო 250 ადამიანი, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, ეკა ურუშაძე, მიესალმა სტუმრებს: „იმისათვის, რომ საზოგადოება განვითარდეს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებით, უმნიშვნელოვანესია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი გახდეს. შესაბამისად, კონკურსის საშუალებით საქართველოში განხორციელებული შესანიშნავი და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული CSR ინიციატივების გაზიარება და დაფასება მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ პროცესს.“
Meliora 2019-ის გამარჯვებულები შემდეგი კომპანიები გახდნენ:
- წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანიის წოდება პროკრედიტ ბანკმა მოპოვა – ჯილდო გადასცა დიმინიკა სკუბიდამ, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ატაშე;
- წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო კომპანია ალტიტუდა გახდა – ჯილდო გადასცა არჩილ ბაკურაძემ, Meliora 2018-ის გრანპრის მფლობელი კომპანიის კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ;
- მწვანე ინიციატივა:
მოცემულ კატეგორიაში გაიმარჯვა თიბისი ბანკმა, პროექტით „მწვანე ავტოპარკი“ – გამარჯვებულს პრიზი გადასცა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა;
- პასუხისმგებელი დამსაქმებელი:
ა) გაიმარჯვა კომპანიამ ნექსია თიეი, პროექტით „თანამშრომელი-ყველაზე მაღალი ღირებულება“- მას პრიზი იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, ნიკოლა იორიომ გადასცა;
ბ) ამავე კატეგორიაში ჯიპიაი ჰოლდინგის პროექტმა „მოქმედების დღე“ გამორჩეული პროექტის წოდება მოიპოვა – პრიზი კონკურსის საერთაშორისო ჯიურის წევრმა, ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორმა, ანგუს მაკქეიბმა გადასცა;
- საზოგადოების მხარდაჭერა:
ა) კატეგორიაში საზოგადოების მხარდაჭერა, ჯიპიაი ჰოლდინგმა გაიმარჯვა პროექტით „ეკოისტი“- ჯილდო გადასცა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, არად ბენკომ;
ბ) ამავე კატეგორიაში ფონდი ფეა თრიიზ (მცირე/ საშუალო ზომის კომპანია) დაჯილდოვდა, პროექტისათვის – “ფეა თრიიზის ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა” – ჯილდო გადასცა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა, თომას ქიმესვინგერმა;
- სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა:
ამ კატეგორიაში, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, თომას შოლმა თიბისი ბანკი დააჯილდოვა პროექტისათვის „დავით კაკაბაძის შემოქმედების გამოფენა და თანამედროვე არტისტებისთვის ინსპირაციის მიცემა“;
- კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე:
მოცემულ კატეგორიაში გამარჯვებული არ გამოვლენილა, თუმცა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, სცენაზე გამორჩეული პროექტი, „უნივერს ბიზნეს გრუპი“ წარმოადგინა, პროექტისათვის „უფასო ტრენინგების და კონსულტაციების გაწევა კომპანიებისათვის“;
- CSR-ის შესახებ კომუნიკაცია:
ამ კატეგორიაშიც გამარჯვებული არ გამოვლენილა, ხოლო გამორჩეული პროექტის წოდება მოიპოვა თიბისი ბანკის პროექტმა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 2018 წლის ანგარიში“ – სერტიფიკატი გადასცა ელენ კოენმა, საკონსულტაციო კომპანია Beyond Business-ის დამფუძნებელმა და Meliora-ს საერთაშორისო ჯიურის წევრმა;
- წლის CSR მენეჯერი:
წლის CSR მენეჯერი თამთა ასლანიშვილი გახდა, რომელიც კომპანია ემბისის (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) CSR მიმართულებას ხელმძღვანელობს – პრიზი გადასცა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ვიქტორია ჰორვატიმ;
- შემოქმედებითი CSR – მოცემული კატეგორიის მხარდამჭერი საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ქსელი (ACAG) იყო:
ამ კატეგორიის გამარჯვებული Watergunz გახდა პროექტით „გულგრილობის ხმა“ – პრიზი გადასცა დიდი ბრიტანეთის პასუხისმგებელი ბიზნესის ქსელის მენეჯერმა და Meliora-ს საერთაშორისო ჯიურის წევრმა, ალექს ფერანდმა;
- ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა – მოცემული კატეგორია ჩატარდა USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტთან „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II“, თანამშრომლობით, რომელსაც ახორციელებს სენნ:
მოცემულ კატეგორიაში დაჯილდოვდა მცირე და საშუალო კომპანია „ჯეომულჩი“ პროექტით „ტყის და ქალაქი სანიტარი – ნარჩენების გადამამუშავებელი უნარჩენო წარმოება“ – პრიზი გადასცა USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა, მარიკა ოლსენმა.
Meliora 2019 კონკურსის ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ისრაელი, სლოვაკეთი, ავსტრია, შვედეთი, დანია, გერმანია და აშშ) და ქართველი ექპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.
ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელიც ქართულ კომპანიებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულმა ასოცირების ხელშეკრულებამ და გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციამ მოუტანა, ხშირ შემთხვევაში მჭიდროდ უკავშირდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) განვითარებას, დახვეწასა და საქართველოში ბიზნესის პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ინიციატივებმა დიდად შეუწყვეს ხელი ბიზნესში CSR-ის დანერგვას და დღემდე აგრძელებენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საქართველოს მდგრად განვითარებაში.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნესპლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით გაიმართა, როგორიც არის: აწარმოე საქართველოში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); ავსტრიის საელჩო; გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV); შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში; საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა; სენნ; ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG); საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; ნარჩენების მართვის ასოციაცია;
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, სპეციალურ, ნარჩენების მართვის კატეგორიას მხარს უჭერდა USAID–ის პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ (ფაზა II), რომელსაც ახორციელებს CENN. კატეგორია „შემოქმედებითი CSR” კი განხორციელდა საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მხარდაჭერით.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “Meliora 2019” სპონსორები იყვნენ – ფოთის საზღვაო ნავსადგური, სასტუმრო ბილტმორ თბილისი და ჯეკ დენიელსი. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა პირველი არხის პროექტი „აკუსტიკა“.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (2017-2020), რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ისახავს მიზნად, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც ასევე შედის ოთხი ქართული სამოქალაქო ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI); საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG); კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC); განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს და იგი სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 25 წელს ითვლის. CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას).