ლექვინაძე გვარამიას: მსგავსი ფორმით, ბიზნესის მისამართით გამოთქმული ასეთი შეფასებები მიუღებელია

თბილისი (BPI) – ნებისმიერი ბიზნესის მისამართით მსგავსი ფორმით გამოთქმული ასეთი შეფასებები აბსოლუტურად მიუღებელია. ბიზნესმენები არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს, ასაქმებენ ადამიანებს – ასე შეაფასა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ტელეკომპანია ,,რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც მან გადაცემა ,,კვირის აქცენტების“ ეთერში გააკეთა.

“მსგავსი შეფასებები ბიზნეს-სექტორისთვის მიუღებელია. ბიზნესი თვითონ წყვეტს, რომელ ბაზარზე გააკეთოს ორიენტირება, არ ეშლება სად წავიდეს და როგორ, სად აიღოს რისკი და ის, რომ რისკზე თავად იყოს პასუხისმგებელი. ასეთი შეფასებები არც ჟურნალისტიკაა და არც პატრიოტიზმი. ბიზნესი ძალიან პრაგმატულია და ზუსტად იცის სად, როდის და რა გააკეთოს. ასე რომ, მივცეთ შესაძლებლობა, იყოს თავისუფალი საკუთარ არჩევანში. ბიზნესი პასუხს აგებს საკუთარ დანაკარგებზეც, საკუთარ შედეგებზეც, – ჩვენთვის მთავარია, რომ ბიზნესს ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა ყველა მიმართულებით და ქმნიდეს ეკონომიკურ დოვლათს. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება შეაფასოს ამა თუ იმ კომპანიის თუ უწყების ქმედება, თუმცა შეფასებასაც აქვს თავის ფორმები. ის, რაც ჩვენ გუშინ ეთერში ვნახეთ ეს აბსოლუტურად მიუღებელია“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

როგორც ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყნის ბაზარი, სადაც ქართულ პროდუქტზე, სერვისებზე მოთხოვნაა და საიდანაც შემოსავალს ვიღებთ – მნიშვნელოვანია.

“ნებისმიერი ქვეყნის ბაზარი, სადაც ქართულ პროდუქციაზე, სერვისებზე მოთხოვნაა – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ბაზარს თავის პოლიტიკური რისკები გააჩნია, რომელსაც, ბუნებრივია, როცა იწყება ურთიერთობა ამ მიმართულებით, იაზრებ და აფასებ. ამიტომ, კიდევ უფრო გამწვავება და დაძაბულობის შეტანა გადაწყვეტილებებში არის მიუღებელი მაშინ, როდესაც ჩვენ ყველა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად პრაგმატულად და დაბალანსებულად შევინარჩუნოთ ის შესაძლებლობები, რომელიც გაგვაჩნია ყველა მიმართულებით, ყველა ბაზართან“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაულახავი პრობლემა არ არის, თუმცა ქვეყნის ეკონომიკაზე , მოკლევადიან პერიოდში მას გარკვეული მოკლევადიანი ნაგატიური ეფექტები ექნება. მისი თქმით, დაბალანსებული ურთიერთობები ყველასთან არის ის, რაც ქვეყანას სტაბილური განვითარებისთვის სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი უხამსად მოიხსენია. „გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ^&^* მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს. გადაეჯ*&^ უკრაინაში და იქ გაყიდეთ ეს ბორჯომი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შემთხვევითი სიახლე

PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას

კომპანია PSP კვლავ აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის 81000 …