კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების შემდეგ ექსპერტიზის ბაზარზე მოთამაშეთა რიცხვი გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ექსპერტიზის წარმოების ბაზარზე პრაქტიკულად შეცვალა ბაზრის სტრუქტურა და გააუმჯობესა კონკურენტული გარემო, – ამის შესახებ სააგენტოს 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

„სააგენტოს 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო შესაბამის ბაზარზე აკრედიტებული ეკონომიკური აგენტების რაოდენობის არსებით ზრდას – გადაწყვეტილების მიღებამდე შესაბამის ბაზარზე ოპერირებდა მხოლოდ ერთი აკრედიტირებული სუბიექტი, 2018 წლის მდგომარეობით კი აღნიშნულ სუბიექტთა რაოდენობამ 37-ს მიაღწია. შესაბამის ბაზარზე, გაიზარდა მოთხოვნა შრომით ძალებზე, რაც თავის მხრივ, აისახა ამ ბაზარზე დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე“ – აღნიშნულია ანგარიშში.

„კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა 2015 წლის 4 მარტს შპს „ოპტიმალ გრუპ+“-ის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც რიგი სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციები საპროექტო/სამშენებლო/საინჟინრო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში მოითხოვდნენ მხოლოდ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის წარდგენას. როგორც მოკვლევის პროცესში გამოიკვეთა, სადავო სატენდერო პირობა მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნიდა ბაზარზე შესვლის მსურველ სხვადასხვა ეკონომიკურ აგენტებს, რომლებსაც შეეძლოთ აღნიშნული მომსახურების მიწოდება. სააგენტომ დაადგინა, რომ საპროექტო/სამშენებლო/საინჟინრო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში მხოლოდ ერთი პირის მიერ გაცემული შესაბამისობის დოკუმენტის წარმოდგენის მოთხოვნით შემსყიდველი ორგანიზაციების – სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტს“ – აღნიშნულია უწყების ანგარიშში.

შემთხვევითი სიახლე

PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას

კომპანია PSP კვლავ აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის 81000 …