აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. კანონპროექტმა სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვისას, ყველა გამომსვლელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე.

ამერიკელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს გვერდით დგომა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნული დოკუმენტის კანონად ქცევის გზაზე შემდეგი ეტაპი გახლავთ კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე დამტკიცება, რის შემდგომაც, კანონპროექტი გადაეგზავნება აშშ-ის სენატს მისი შემდგომი დამტკიცების მიზნით.
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას, სიტყვით გამოვიდნენ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიქსი და კონგრესმენები ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი.

გრეგორი მიქსის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროულია.
„დღეს როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და როდესაც რუსეთი ახორციელებს შეჭრას უკრაინაში, ეს გახლავთ ერთგვარი გამომაფხიზლებელი შეხსენება, რომ ქვეყნებს, როგორებიც გახლავთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა სჭირდებათ ერთად დგომა და ჩვენი განსაკუთრებული გვერდში მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტი არა მხოლოდ ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის ზრდას უსაფრთხოების კუთხით, არამედ, ასევე უზრუნველყოფს ჩვენს მაქსიმალურ მხარდაჭერას საქართველოსადმი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც, თავის მხრივ გახლავთ გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოების ქვაკუთხედი,“ – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თავის გამოსვლაში კონგრესმენმა კონოლიმ ისაუბრა საქართველოს მნიშნველოვან როლზე და აღნიშნა, რომ საქართველომ, როგორც ლიდერმა ქვეყანამ ერთ სულ მოსახლეზე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით, დაამტკიცა თანამშრომლობის მზაობა და სურვილი ნატო-სა და დასავლეთთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.
„ამის საპასუხოდ, აშშ უნდა დაეხმაროს საქართველოს რუსეთის ნებისმიერი აგრესიისა თუ შეჭრის თავიდან აცილებაში. აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს წინანდელი ძალისხმევის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისაკენ და სანქციების დაწესებისაკენ იმ პირების მიმართ, რომელთაც განახორციელეს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, რისი დამადასტურებელი მაგალითებიც სახეზე გვაქვს, როგორიც გახლავთ ადამიანთა გატაცებები, მკვლელობები და დაკავებები,“ – აღნიშნა ჯერი კონოლიმ.

ადამ კიზინგერმა ასევე გაუსვა ხაზი საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს და მათ ფონზე აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„რუსული აგრესია, რომლის მომსწრენიც ვართ დღეს სიახლე არ გახლავთ; ეს ყოველივე აშკარა გახდა მსოფლიოსთვის, როდესაც ვლადიმერ პუტინმა უბრძანა თავის შეიარაღებულ ძალებს შეჭრილიყვნენ სუვერენულ საქართველოში 2008 წელს. იმ ომის დროს ჩვენმა ქართველმა მოკავშირეებმა დაკარგეს სიცოცხლე, შესწირეს ჯანმრთელობა და დაკარგეს ტერიტორიები. ახლა, როდესაც პუტინის წამგებიანი კამპანია ჯერ კიდევ გრძელდება უკრაინაში, მე ვშიშობ, არის საფრთხე, რომ ის მოტრიალდეს აღმოსავლეთით, რათა სახე შეინარჩუნოს. აღნიშნული კანონპროექტი ორჯერ იქნა დამტკიცებული წარმომადგენელთა პალატაში და მას გააჩნდა მტკიცე და საკმაოდ დიდი ორპარტიული მხარდაჭერა. დღეს აქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი, რაც გამოიხატება მზარდ მხარდაჭერაში უსაფრთხოების მიმართულებით,“- განაცხადა კიზინგერმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …