“ჯიპიაი ჰოლდინგი“ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვენის სადაზღვევო ჯგუფი „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენი კომპანიის სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და გამოვხატოთ ჩვენი მყარი პოზიცია და აღშფოთება 5 და 6 ივლისს მომხდარი ძალადობისა და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების მიმართ.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ უკვე 15 წელია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“, რომელიც ოპერირებს 25 ქვეყანაში და საქართველო ამ პატარა ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს იკავებს, როგორც მაგალითი ინოვაციურობის, პატიოსნების და მაღალი ანგარიშვალდებულების ბიზნესისა.

ჩვენი საქმიანობის განმავლობაში შევძელით აგვეშენებინა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციური ბიზნესი, რომელიც ქმნის არამხოლოდ მატერიალურ დოვლათს ჩვენი სახლემწიფოსთვის, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, ამკვიდრებს ჩვენი ერისთვის, თითოული ჩვენი მოქალაქისთვის ძვირფას და მნიშვნელოვან ღირებულებებს: თავისუფლებას, სამართლიანობას, კეთილსინდისიერებას, მრავალფეროვნებას, ურთიერთპატივისცემას და ემსახურება მშვიდობას და შემწყნარებლობას.

ბოლოდროინდელი მოვლენები, ძალადობის უპრეცედენტო გამოვლინება, როდესაც თავისუფალი მედიის ერთი წარმომადგენელი დაიღუპა, ხოლო არაერთი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი დღესაც მძიმედაა დაშავებული ან კვლავ დევნას განიცდის, არ გვაქვს უფლება გავჩუმდეთ და გვინდა, ხმა მივაწვდინოთ იმ პირებს, ვისი პირდაპირი მოვალეობაცაა, უზრუნველყოს ჩვენს საზოგადოებაში უსაფრთხოება და მშვიდობა.

ჩვენი ქვეყანა დგას პატიოსანი შრომით და აქედან გადახდილი გადასახადების გადამხდელ მოსახლეობაზე, რომელთათვის მიუღებელია უკანონობა და ადამიანის უფლებების შელახვა.

ჩვენს მიერ შექმნილი დოვლათი ასაზრდოებს ეკონომიკას, ხელს უწყობს ვალუტის კურსის სტაბილურობას და საგარეო ვალის შემცირებას. ჩვენი ხმა მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ამიტომაც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, არ გავჩუმდეთ და მკაფიოდ გავემიჯნოთ ძალადობას და მოვითხოვოთ მთავრობისგან, მოახდინოს ადეკვატური რეაგირება და მომავალშიც თანმიმდევრული ქმედებებით დაგვარწმუნოს, რომ კანონის აღსრულება არის ხელისუფლების და არა საზოგადოების ცალკეული ჯგუფების ხელში.

როგორც „ევროპის ბიზნეს ასოციაციის“ დამფუძნებლებმა უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია 2020 წლის 14 ივლისის განაცხადებაში, თუმცა მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა კომპანიამ და ცალკეულმა ინდივიდმაც მკაფიოდ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
გვჯერა, რომ ჩვენნაირად განიცდის და ფიქრობს ყველა ის ადამიანი, ვინც თავისი შრომით ქმნის დოვლათს და იმედი გვაქვს, შემოგვიერთდებიან ამ მოწოდებაში“, – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართულ-ესპანური, მწერალთა გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა გამოცხადდა

საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის …