ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ

მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ, – შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მისცა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ.
საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციისა და ე.წ ბუსტერ დოზით აცრის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების მსუბუქი მიმდინარეობისთვის და ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან მოქმედი რეგულაციები და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 350 454 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 124 442 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 15 300 ადამიანი.
ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 1 897 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 082 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …