ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

2023 წლის 16-18 ნოემბერს, საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. სამ დღიანი ღონისძიება – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იგეგმება.

კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები გახსნიან, რომლებიც კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებებს ხელმძღვანელობენ: ვილიამ კოვაჩიჩი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი გლობალური კონკურენციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის სფეროში, კონკურენციის კანონმდებლობის ცენტრის დირექტორი, აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი; ტერესა მორეირა, UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; ორი შვარცი, OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი,

დაგეგმილია – ხუთი მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით სპეციალური პანელი, სადაც სექტორულ ჭრილში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები, მიღწევები და გამოწვევები იქნება წარმოდგენილი.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე დელეგაცია. მათ შორის, კოლეგა უწყებების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. გაიმართება – UNCTAD-ის სესია მომხმარებლის უფლებების დაცვის და OCED-ის სესია კონკურენციის პოლიტიკის შესახებ. ასევე, ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით – მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კოლეგა უწყებებს შორის.

ღონისძიებაზე განიხილება კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები. პარალელურ თემატურ სესიებზე მონაწილეები იმსჯელებენ შემდეგ ძირითად საკითხებზე: კონკურენციის პოლიტიკა და მდგრადი განვითარება, რეგულირებული ბაზრები და უწყებათაშორისი თანამშრომლობა; სავაჭრო პოლიტიკა და კონკურენციის მხარდამჭერი ირიბი მექანიზმები; მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ტენდენციები და ძირითადი გამოწვევები – საქართველოს და ევროპული ქვეყნების გამოცდილება; კონცენტრაციების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები; კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, გამოვლენის და აღკვეთის ეფექტური მექანიზმები და ა.შ.

ყოველწლიური კონფერენციის „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.ccc.gov.ge

შემთხვევითი სიახლე

სემეკში წარსადგენი განცხადებების ჩაბარება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ …