წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, I კვარტალში 451.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 9.8%-ია

2022 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 598.4 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. 2022 წლის პირველ კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 37.6 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -12.5 პროცენტიდან -13.0 პროცენტამდე გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 25.3 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მლრდ აშშ დოლარი (3.1 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 40.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 34.1 პროცენტით გაიზარდა.

მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი, რომლის აღდგენა გასული წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო, განაგრძობდა ზრდას და 2022 წლის პირველ კვარტალში 393.7 მლნ აშშ დოლარს (1.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 68.1 პროცენტს შეადგენს.

2022 წლის პირველ კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -349.7 მლნ აშშ დოლარი (-1.1 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 11.1 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 86.0 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 9.5 პროცენტით გაიზარდა და 2022 წლის პირველ კვარტალში 570.6 მლნ აშშ დოლარს (1.8 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 10.7 პროცენტით გაიზარდა 533.0 მლნ აშშ დოლარამდე (1.7 მლრდ ლარი). ამავდროულად, სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 15.6 მლნ აშშ დოლარიდან 1.8 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ კვარტალში 451.1 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 9.8 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაზარდა, რაც, თავის მხრივ, თითქმის ყველა სახის პროდუქტის საბოლოო ფასზე აისახა – გვენეტაძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძეს უსმენენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ წუთებში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობასა …