ცხოველთა იდენტიფიკაციისა და სურსათის უვნებლობის ხელშეწყობისთვის NAITS-ის პროექტის მეორე ფაზა დაიწყო

ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის სისტემის, NAITS-ის წარმატებით განხორციელების შემდეგ, პროექტის მეორე ფაზა დაიწყო. პროექტს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

NAITS-ის ელექტრონული სისტემა აერთიანებს ინფორმაციას შინაური ცხოველების შესახებ, რომელთა იდენტიფიცირებასაც კანონი ითვალისწინებს, ასევე, მათი  ადგილსამყოფელის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აქტივობების და მფლობელების შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტის პირველი ფაზის განმავლობაში შეიქმნა და დაინერგა ელექტრონული სისტემა. მეორე ფაზა კი მიზნად ისახავს სისტემის მდგრად განვითარებასა და მასში მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვას; ის განსაკუთრებით შეეხება სფეროსთან დაკავშირებულ კომერციულ სექტორსა და მომხმარებლებს, რათა NAITS-ის სისტემაში თავმოყრილი ინფორმაციით მხარეებმა მაქსიმალურად ისარგებლონ.

“NAITS II მიზნად ისახავს უზრუნველყოს სისტემის მდგრადობა და გრძელვადიანი გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ცხოველთა ჯანმრთელობაზე, სურსათის უვნებლობასა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომაზე. ამისათვის კი საჭირო გარემო უნდა შევქმნათ და დაინტერსებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველვყოთ. მოხარული ვართ, რომ ამ წარმატებული პროექტის გაგრძელების საშუალება გვაქვს და ველით სხვადასხვა მხარესთან თანამშრომლობას“, – განაცხდა დრაგან ანგელოვსკიმ, პროექტის მენეჯერმა.

ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიკვლევადობა, რომელსაც NAITS-ი ემსახურება, სურსათის უვნებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მომხმარებლებისთვის უვნებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების  მიწოდებასთან ერთად, პროგრამა წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს სასურსათო სისტემის გაუმჯობესების გზაზე და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულებაში.

NAITS-ის სისტემა ამ ეტაპზე 25 სხვადასხვა მოდულისგან შედგება. მასში დარეგისტრირებულია სურსათის ეროვნული სააგენტო  ასობით ვეტერინარი და ინსპექტორი, იქვე თავმოყრილია მონაცემები მილიონზე მეტ მსხვილფეხა საქონელსა და მათ მფლობელებზე. სისტემაში ცხოველების შესახებ იძებნება ისეთი ტიპის ინფორმაცია, როგორიცაა, მათი წარმოშობა, გადაადგილება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აქტივობები, დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ინფორმაცია – რათა ცხოველური წარმოშობის  პროდუქტი „ფერმიდან – სუფრამდე“ პრინციპით,  დოკუმენტირებული და სრულად მიკვლევადი იყოს. NAITS-ი ასევე სამომხმარებლო მოდულსაც მოიცავს: QR კოდის დახმარებით მყიდველებს საშუალება ეძლევათ, ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ყიდვისას მათი წარმომავლობის შესახებ მნიშვნელოვანი საბაზისო ინფორმაცია წამებში გაარკვიონ.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც NAITS-ი დანერგა. მისი  შექმნის პროცესში გათვალისწინებულია საქართველოში არსებული რეალობა და კანონმდებლობა, ასევე  ევროკავშირისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება. სისტემით უკვე სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ. ჩრდილოეთ მაკედონიამ ოფიციალურად ითხოვა NAITS-ის დანერგვა, ხოლო ინტერესი ასევე გამოხატეს ალბანეთმა, უზბეკეთმა, ყირგიზეთმა, მონღოლეთმა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებმა.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …