ცოდნის კაფე

თბილისი (BPI) – “ძლიერი სოფლები შენდება ახალი ცოდნებითა და ახალი გამოცდილებებით დამუხტული ადამიანებით. ცოდნის კაფეც არსებობს ახალი ცოდნებისა და კულტურის დეცენტრალიზაციისთვის ცენტრიდან რეგიონებისკენ”, – ასეთია წნორში, თავისუფლების 10 ნომერში მდებარე “ცოდნის კაფეს” ფილოსოფია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში უკვე სამი წელია ადგილობრივებისათვის კულტურული თავშეყრის ადგილი შეიქმნა. ორმა ახალგაზრდამ, ნანა ბაგალიშვილმა და ქეთევან მოლაშვილმა თბილისში უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ უკან დაბრუნება და თანასოფლელებისათვის საგანმანათლებლო სივრცის შექმნა გადაწყვიტეს.

სოციალური საწარმო “ცოდნის კაფე’’ წიგნის მაღაზიას, არაფორმალური განათლების ცენტრს, მულტიმედია ბიბლიოთეკასა და მყუდრო კაფეს აერთიანებს.

პროექტის მთავარი იდეა განათლების, კულტურისა და თანამედროვე სამყაროს მიგნებების ცენტრიდან რეგიონში წამოღებაა.

ქეთევან მოლაშვილის თქმით, ეს ადგილი იმისთვის შეიქმნა, რომ რეგიონში არსებობდეს სირცე, სადაც ყველა ასაკის ადამიანს ექნება შესაძლებლობა დაგეგმონ, განახორციელონ ან დაესწრონ ღონისძიებას. “ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მისიაა დედაქალაქიდან რეგიონში წამოვიღოთ ადამიანის ცოდნა. ცოდნა,  რომელსაც შეუძლია სხვა ადამიანები გაზარდოს.’’

ცოდნის კაფე კულტურულ და საგანმანათლებლო თავშესაფრად არა მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, არამედ ბაღის მოსწავლეებისა და მოხუცებისთვისაც იქცა. მისი ერთ-ერთი ფუნქცია ხანდაზმული ადამიანების განვითარებასა და რესოციალიზაციაზე ზრუნვაა. სივრცეში მოსწავლეები კითხულობენ ლიტერატურას, იმართება საჯარო ლექციები, რომელსაც ცნობილი ლიტერატორები, ფსიქოლოგები და ხელოვანები ატარებენ. აქ მოდიან არა მხოლო წნორელები, არამედ კახეთის სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლებიც. ჩამოდიან თბილისიდან და ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

“შარშან დაახლოებით 180-მდე ღონისძიება გავაკეთეთ ერთ წელიწადში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ მეორე დღე რაღაც ღონისძიება იმართება. გამოვიდა ისე, რომ ადამიანებს ჩვენი იმედი აქვთ. აქ მოსვლა უხარია ყველას: პატარას, თინეიჯერს, ხანდაზმულს. ყველა მათგანი გვეუბნება, რომ ერთი სული აქვთ მოვიდნენ. ისინი განსაკუთრებით ელოდებიან ღონისძიებებს, თუმცა ჩვეულებრივ დღეებშიც ხშირად გვსტუმრობენ.’’

ცოდნის კაფეს სივრცე დღეს ქირით აქვს აღებული, თუმცა დონაციით მათ წნორში მიწის ნაკვეთის შეძენა მოახერხეს და ახლა ამ მიწაზე შენობის ასაშენებელ თანხას აგროვებენ. კამპანიის ფარგლებში “დადე შენი აგური’’ მშენებლობისათვის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოწირულობის გაღება. მათი სახელები და გვარები კი იმ აგურზე დაიწერება, რომელსაც მშენებლობის დროს გამოიყენებენ. ახალი სამ სართულიანი სივრცე ბევრად მეტ ადამიანს დაიტევს და ბევრად მრავალფეროვანი შინაარსი ექნება.

“ეს სივრცე  ჩემთვისაც და ჩემი თანატოლებისთვის თამამად ვიტყვი, ყველაზე საყვარელი ადგილია, სადაც საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ, ძალიან ბევრი ტრენინგი ტარდება, საკმაოდ ნაყოფიერია აქაურობა, რადგან ბევრ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან და რაღაც ახალს ვიგებთ/ვსწავლობთ. ჩემთვის  აქაურობა ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია მთელ წნორში და მთელ რაიონში.’’- ასე აფასებს ადგილობრივი მოსწავლე მარიამ ნარინდოშვილი

ცოდნის კაფის ასაშენებლად 120 ათასი ლარია საჭირო. დღეს შემოწირულობით უკვე 20 ათას ლარამდეა შეგროვებული. ორგანიზატორებს სურთ, რომ ცოდნის კაფე გამრავლდეს და წნორის შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონებშიც აშენდეს.

ნინო ტყებუჩავა, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

გორში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება

თბილისი (BPI) – გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარია. შემთხვევის ადგილზე გასულია საგანგებო სიტუაციების მართვის …