ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი რუსეთის გვერდის ავლით რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

ჩინეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც დააჩქარებს რკინიგზის მშენებლობას ამ სამი ქვეყნის ევროპასთან უფრო მოკლე მარშრუტით, სანქციებით დაზარალებული რუსეთის გვერდის ავლით დაკავშირებისთვის. ქვეყნების მთავრობებმა ხელშეკრულება უზბეკეთში 14 სექტემბერს გააფორმეს.

ხელშეკრულების გაფორმება პროექტს, რომელიც დიდი ხანია გეგმაშია, რეალობასთან კიდევ ერთი ნაბიჯით აახლოებს, რამეთუ აწესებს პირობებს კვლევების დასრულებისთვის 2023 წლამდე ყირგიზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის ასაშენებლად, რომელმაც ჩინეთსა და უზბეკეთში უკვე აშენებული რკინიგზის ხაზი ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს.

ყირგიზეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტროს თანახმად, ამ კვლევებზე დასახარჯი თანხა ქვეყნებზე თანაბრად გადანაწილდება.

კონტრაქტი ადგენს საბოლოო მარშრუტსაც, რომელიც 280-კილომეტრიანი იქნება და 4.1 მილიარდ დოლარამდე დაჯდება. მისი აშენების შემთხვევაში ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები 900 კილომეტრითა და 8 დღით შემცირდება.

ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის კორიდორის პროექტის ათვლის წერტილი 1997 წელია და მასზე საუბარი თითქმის 25 წელია მიმდინარეობს. მიუხედავად მაღალი რანგის პირების შეხვედრებისა, სამი ქვეყანა დღემდე ვერ თანხმდებოდა მარშრუტზე, დაფინანსების, ეკოლოგიურ თუ გეოპოლიტიკურ საკითხებზე და რეალობაში მისი განხორციელება ვერ მოხერხდა.

ომის წამოწყების გამო რუსეთზე დაწესებულმა დასავლურმა სანქციებმა შეამცირა ჩრდილოეთის დერეფნის მნიშვნელობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მთავარი სატრანსპორტო მარშრუტი იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ამის ფონზე უფრო მეტს ფიქრობენ ქვეყნები გამოიყენონ შუა დერეფანი, რომელიც ცენტრალურ აზიასა და კავკასიაზე გადის.

მიმდინარე მოვლენებმა პროექტი გააცოცხლა და მიიჩნევა, რომ ის ყველა მონაწილისთვის მომგებიანი იქნება, რადგან დასავლეთ ევროპას სამხრეთ კავკასიასა და თურქეთთან პირდაპირ დააკავშირებს. უზბეკეთი უკვე დაკავშირებულია თურქმენეთთან და ირანთან, ხოლო როდესაც ყირგიზეთის ნაწილზე დასრულდება რკინიგზის მშენებლობა, ეს გახდება ერთ-ერთი ყველაზე მოკლე გზა ჩინეთსა და ევროპას შორის და ხელს შეუწყობს ნავთობის, მინერალებისა თუ საკვები პროდუქტების ექსპორტს.

მართალია, უზბეკეთი უკვე დაკავშირებულია ჩინეთთან რკინიგზით, რომელიც ყაზახეთზე გადის, თუმცა ეს მარშრუტი უფრო ძვირია, ლოგისტიკა მეტად რთული და გადაზიდვების ხანგრძლივობაც დროში გაწელილია.

ყირგიზეთის პოლიტიკური არასტაბილურობა და ფინანსური პრობლემები პროექტის განხორციელების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. წლებია, ქვეყნის მთავრობა საკუთარ ტერიტორიაზე რკინიგზის დასრულების პირობას დებს, თუმცა ამისთვის საჭირო ფინანსები, ჯერჯერობით, ვერ მოიძებნა, რადგან ქვეყანას დიდი რაოდენობით უცხოური ვალი აქვს, რომლის 40%-იც ჩინეთის Export-Import Bank-ისაა.

 

წყარო:bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

შეიძინე eSIM silknet.com-დან

ვირტუალური მობილური ნომერი ბევრი მომხმარებლისთვის  უფრო კომფორტული აღმოჩნდა, განსაკუთრებით  მათთვის, ვისაც  ხშირად უწევს მობილურ მოწყობილობაში …