ჩვენ მიერ მომზადებული რეკომენდაციების მიზანია მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება – ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყო ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი თამაშის წესების განსაზღვრის და გამჭირვალობის უზრუნველყოფის პროცესი. ამ მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედურ შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2016 -2020 წელს მოიცავს.

„მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, მოქალაქეების მაღალ დანახარჯებს, ხშირ შემთხვევაში, განაპირობებს არაინფორმირებული არჩევანი, ჯენერიკული და ურთიერთჩამნაცვლებელი მედიკანტების ნაკლები პოპულარობა, ბაზარზე წარმოდგენილი ჰოლდინგური სისტემები, რომელიც გარკვეულწილად კომერციული ინტერესის მატარებელია.

კონკრეტული/შერჩეული მედიკამენტების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ რეცეპტის/დანიშნულების გამომწერი პირის მიერ გადაწყვეტილებების – პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით მიღებისა და ბაზარზე ჩამნაცვლებელ პროდუქტებს შორის სათანადო კონკურენტული წნეხის უზრუნველყოფის შემთხვევაში, მომხმარებელი მხოლოდ კონკრეტული სამკურნალო ჯგუფის შემთხვევაში დაზოგავდა, სულ მცირე, 16 მილიონ ლარს (2016-2020 წლები), იდენტური სამკურნალო ეფექტის მიღწევის პირობებში.

მომხმარებელს უნდა შეეძლოს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. შესაბამისად, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების და ქვეყანაში ბაზრის სტრუქტურის, ასევე საკანონმდებლო რეგულირების ანალიზის გათვალისწინებით, ჩვენ მიერ მომზადებული რეკომენდაციების მიზანია მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება. აუცილებელია, რომ რეცეპტი იყოს მხოლოდ გენერიკული და ალტერნატივების შემცველი, რაც არის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ფუნდამენტური საშუალება. ამასთან, რეცეპტი უნდა იყოს მხოლოდ ელექტრონული, რათა დარგის მარეგულირებელს შეეძლოს ბაზრის ეფექტიანი კონტროლი.

ბაზარზე მოთხოვნა ფორმირდება, პირველ რიგში ექიმის და, რიგ შემთხვევებში, ფარმაცევტის დონეზე. შესაბამისად, კონკურენტული გარემოს შეფასების მთავარ ინდიკატორს წარმოადგენს ბაზარზე არსებულ ურთიერთჩამანაცვლებელ მედიკამენტებს შორის კონკურენტული წნეხის დონის შეფასება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არასაკმარისი საკანონმდებლო რეგულირება და კანონის აღსრულების ეფექტიანი ბერკეტების არარსებობა იწვევს რეცეპტის/დანიშნულების გამომწერ პირსა და ფარმაცევტულ კომპანიას/სამედიცინო დაწესებულებას შორის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს, ანგარებიან ურთიერთობას.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი მოიცავს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს. სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას, აღნიშნულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, დარგის ექსპერტებთან, დაინტერესებულ პირებთან, ბაზარზე მოქმედ კომპანიებთან, დარგის მარეგულირებელთან კონსულტაციების დონეზე“. – განმარტავს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მოცემულია 11 რეკომენდაცია: მხოლოდ გენერიკული რეცეპტი/დანიშნულება; გენერიკული ჩამანაცვლებლის მითითება; „თავისუფალი ფასწარმოქმნის“ პოლიტიკის გადახედვა; ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა; ბაზრის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ინტეგრაციის შესაძლო უარყოფითი შედეგების კონტროლი; სამკურნალო გაიდლაინების სრულყოფა; GMP სტანდარტის შემოღება; მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულებს ერთიანი სისტემის დანერგვა; რეცეპტის/დანიშნულების განგრძობადი კონტროლი; სანქცირების მექანიზმის გამკაცრება და ეფექტიანი კონტროლი; რეცეპტის/დანიშნულების გამომწერ პირსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა.

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით: იმპორტირებული მედიკამენტების საერთო ღირებულება ლარში მზარდია, კერძოდ: 2016 წელს შეადგინა – 565 მილიონი ლარი, 2017 წელს – 676 მლნ., 2018 წელს – 655 მლნ., 2019 წელს – 716 მლნ., ხოლო 2020 წელს – 798 მილიონი ლარი.

3 ყველაზე მსხვილი კომპანიის საერთო წილი ბაზრის იმპორტის დონეზე სტაბილურად მაღალია, კერძოდ: 2016 წელი – 56.6%, 2017 წელი – 69%,3 2018 წელი – 70%, 2019 წელი – 68.8%, 2020 წელი – 67.5%. აღნიშნული განაპირობებს შესაბამის ბაზრებზე/ურთიერთჩამანაცვლებელი პროდუქტების დონეზე შესაძლო დომინანტური მდგომარეობის მოცემულობას.

შემთხვევითი სიახლე

ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში – ლაშა ხუციშვილი

ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში, – განაცხადა …