ჩვენი მიზანია, რეგიონებში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რაიონიდან  გაუსვლელად, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ინოვაციური იდეები აქციონ სტარტაპებად – თურნავა

„ჩვენი ინოვაციური პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ვავითარებთ და ვთავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას, ოზურგეთში გაიხსნა საქართველოს მასშტაბით მეცხრე ტექნოლოგიური პარკი – ეს არის საერთო სივრცე, სადაც ახალგაზრდა, ნიჭიერ, კრეატიულ ადამიანებს შეუძლიათ წარადგინონ ინოვაციური ბიზნეს-იდეები და ჩვენ დავეხმარებით, მათ შორის, ფინანსურად, ტექნოლოგიურად, ახალი მოწყობილობებისა და დანადგარების მეშვეობით, რომ ეს იდეები აქციონ სტარტაპებად და რეალურ ბიზნესებად” – ამის შესახებ ნათია თურნავამ  ოზურგეთში, ტექნოპარკის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. ტექნოპარკის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში, მინისტრთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე მონაწილეობდნენ.

მინისტრის შეფასებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკამ, რომელიც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტარდება ინოვაციებისა და სტარტაპ-ეკოსისტემის შესაქმნელად, გამოიღო ძალიან სერიოზული შედეგები და  დღეს ორასზე მეტი სტარტაპი, რომელიც სარგებლობს სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, გრანტებით, გახსნილია უკვე საერთაშორისო ასპარეზზე, არიან კონკურენტუნარიანები და აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდა ინოვატორებმა უკვე 200 მილიონ ლარზე მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს.

„იცით, რომ გასული წლის ბოლოს, ამერიკელმა ინვესტორებმა „სილიკონ ველის” ინვესტორების მონაწილეობით საქართველოში შექმნეს ახალი, 50 მილიონიანი ფონდი სწორედ იმისთვის, რომ ადგილობრივი სტარტაპები დააფინანსონ და მოხარული ვარ, რომ დღეს, უკვე გურიის, რეგიონი, კერძოდ, ოზურგეთის ახალი ტექნოპარკი დაეხმარება აქ, ადგილზე, ამ რეგიონში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომ მათ განავითარონ თავიანთი ინოვაციური ბიზნეს-იდეები, დაეუფლონ სხვადასხვა ახალ უნარებს, მათ შორის, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ინოვაციური სტარტაპების ბიზნესგეგმების მომზადების პროცესს და ა.შ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ახალგაზრდები დავამაგროთ რეგიონებში, რომ, მათ, თავიანთი რაიონებიდან გაუსვლელად, ჰქონდეთ წვდომა ისეთივე მაღალი ხარისხის ინტერნეტზე, ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე, უნარებზე, ტრენინგებზე, როგორც ეს, ხელმისაწვდომია, მაგალითად, თბილისში” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ოზურგეთის ახალ ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) – უახლესი დანადგარებით: მაღალი წარმადობის 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, CNC აპარატი, პლატების საბეჭდი როუტერი, 3D სკანერი და სხვა. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში.  ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის,” სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად.

ოზურგეთის ტექნოპარკი  დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა  თუ ადგილობრივ თვითმმართველობას გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ.

შემთხვევითი სიახლე

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის …