“შევზღუდეთ მგზავრების შემოსვლა და არა სურსათის” – ნათია თურნავა

თბილისი (BPI) – „მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ მარაგი საკმარისია. ყოველდღიურად ახლდება. მომარაგების თვალსაზრისით შეფერხება არ არის. ჩვენ შევზღუდეთ მგზავრების შემოსვლა ქვეყანაში და არა სასაქონლო მარაგებისა და ტვირთების. ამას ყველანაირად ხელს ვუწყობთ და ამაზე რეგიონის ქვეყნები ვართ კოორდინაციაში. წუხილის საფუძველი არ არსებობს,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ჰიპერმარკეტების და ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

სამინისტროს ინფორმაციით, განიხილეს ლოგისტიკური ჯაჭვი “მაღაზიები მარაგდება სტანდარტულ რეჟიმში, ხშირად ივსება საწყობები, საქონლის, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქცია უწყვეტად მიეწოდება.

ლოგისტიკური ჯაჭვის უწყვეტობაზე აცხადებენ სუპერმარკეტების ქსელის მმართველები.

“სპარის” მმართველი დირექტორი მირანდა მანჯგალაძე ამბობს, რომ ლოგისტიკის საფრთხე არ დგას ქვეყანაში. “მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ იყვნენ მშვიდად. ჩვენ გვაქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა”.

“სმარტის” გენერალური დირექტორი ზვიად მეფარიშვილი : “ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს და არც სამომავლოდ ველოდებით  გაუარესებას, საკმარისი მარაგები გვაქვს“.

„ნიკორა თრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ურუშაძე: „ჩვენ ვესაუბრეთ იმ მომწოდებლებს, რომლებიც პირველადი დანიშნულების საქონლით გვამარაგებენ და გვითხრეს, რომ მომარაგებასთან დაკავშირებით, პრობლემები არ შეიქმნება. მე პირადად ჯერჯერობით პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ. მაქსიმალურად მომზადებული ვხვდებით ქვეყანაში არსებულ სიტუაციას”.

 

შემთხვევითი სიახლე

მოემზადეთ სასკოლო სეზონისთვის Rakuten Viber-თან ერთად: მესენჯერის ფუნქციები, რომლებიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გამოადგება

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის საერთაშორისო ლიდერი, ახალი სასკოლო სეზონის სამზადისში …