ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მოსალოდნელზე უფრო დაბალი ინფლაცია მარტში

თებერვლის ეკონომიკის ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც ჩვენი მოლოდინების შესაბამისია. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ გავრცელებულ ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შიდა მოთხოვნა ძლიერი რჩება, ისევე როგორც ექსპორტი, თუკი საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დაცემით გამოწვეულ ფეროშენადნობებისა და სასუქების ნეგატიურ ეფექტს გამოვრიცხავთ, რამაც თებერვლის ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად, დაახლოებით 1%-ით იმოქმედა.

„ლარის კურსის მხრივ, საყურადღებოა, რომ ძლიერ სავალუტო შემოდინებებთან ერთად, გამყარებას ბოლო პერიოდში საბაკო დაკრედიტების უცხოურ ვალუტაში მეტად ზრდაც უწყობს ხელს. ჩვენ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ლარი მის გრძელდავიან ტენდენციასთან შედარებით მართალია შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო მეტად არის გამყარებული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დღეს გამოქვეყნებული მარტის ინფლაციის მაჩვენებელი ჩვენს საკმაოდ ოპტიმისტურ მოლოდინებთან შედარებითაც კი უფრო მეტად შემცირდა და წლიურ ჭრილში თებერვლის 8.1%-ის შემდეგ, 5.3% შეადგინა, ხოლო თვიურ ჭრილში თებერვლის მსგავსად, კვლავ დეფლაცია დაფიქსირდა. ეს სამომავლოდ, ლარის საშუალო კურსის არგუმენტთან ერთად, ლარის კურსისათვის ნეგატიურია.

გასულ კვირაში, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო, ისევე როგორც განცხადება, რომ განაკვეთის შემცირების წინაპირობა ადგილობრივი ინფლაციის შემცირება უფროა, ვიდრე მხოლოდ ჯამურის, რისთვისაც ჯერ კიდევ დროა საჭირო. ამასთან, ჩვენი აზრით ცალსახაა, რომ იმპორტული და ასევე ჯამური ინფლაციის დინამიკა თუ საპროცენტო განაკვეთის დაწევის არა, უფრო მეტი სავალუტო ინტერვენციის ცალსახა არგუმენტია. ეს კი ნიშნავს, რომ მიუხედავად ძლიერი სავალუტო შემოდინებებისა, ლარის მატერიალური გამყარების ალბათობა ძალზედ მცირეა. თავისთავად, ამ მხრივ მნიშვნელოვანია თუ რომელ სავალუტო წყვილზეა საუბარი. საკუთრივ, ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ევროს დოლართან დამატებით გამყარების პოტენციალი გააჩნია“, – განმარტავენ თიბისი კაპიტალში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …