ქუთაისის აეროპორტიდან ტაქსების მომსახურების ექსკლუზიური უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა

თბილისი (BPI) – “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა ტაქსით გადაყვანის ექსკლუზიური უფლების პირობებით გადაცემაზე აუქციონი გამოაცხადა.

პირობების მიხედვით, აუქციონში, რომელიც 17 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული, მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით (ტაქსით) გადაყვანის უფლება გაიცემა 3 წელის ვადით.

აუქციონში გამარჯვებულს არ აქვს უფლება აეროპორტების გაერთიანების წინასწარი თანხმობის გარეშე გადასცეს თავისი  უფლება-მოვალეობები მესამე პირებს.

მგზავრთა გადაყვანისთვის საჭიროა აუქციონში მონაწილეს საკუთრებაში ან დროებით კანონიერ მფლობელობაში/სარგებლობაში ჰქონდეს შესაბამისი ხარისხის და ტექნიკური მახასიათებლების მქონე, არანაკლებ 15 სატრანსპორტო საშუალება. მგზავრთა გადაყვანისთვის გამოიყენება მხოლოდ სედანის, ჰეჩბეკის ან/და მსუბუქი მაღალი გამავლობის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება.

·       სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და აღნიშნული მართვის უფლება სულ მცირე 4 (ოთხი) წლის განმავლობაში, მიღების მომენტიდან.
·       მძღოლები უნდა ფლობდნენ ქართულ ენას. ასევე, სასურველია, საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური და რუსულ ენებს ცოდნა.
·       სატრანსპორტო საშუალების მძღოლებმა უნდა დაიცვან დადგენილიდრესკოდი და შემოსილები უნდა იყვნენ სუფთა და მოწესრიგებული(არასპორტული) სამოსით.
·       სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ქარხნული წარმოების, გამართულ მდგომარეობაში, ტექნიკური და ვიზუალური დაზიანებების გარეშე, აღჭურვილი კონდიცირებისა და გათბობის სისტემით. სატრანსპორტო საშუალების სალონი და გარე ვიზუალი უნდა იყოს სუფთა, კუსტარული გადასაკრავებისა და მოპირკეთების გარეშე. სალონი გაწყობილი უნდა იყოს რბილი და ხმაურჩამხშობი გადასაკრავით. არ უნდა იყოს ტრამვასაშიშიკონსტრუქციული ელემენტები.
·       არ დაიშვება არაქარხნული წესით დამონტაჟებული რაიმე სახის დამატებები ან განხორციელებული ცვლილებები, გარდა სპეციალური ქარხნული წესით დამზადებული დახურული საბარგო კონტეინერისა ან სპორტული ინვენტარის დასამაგრებელი ქარხნული მოწყობილობებისა, რომელიც შესაძლებელია დამაგრდეს სატრანსპორტო საშუალებაზე.
·       არ დაიშვება 2015 წელზე ადრე გამოშვებული სატრანსპორტო საშუალებები. ასევე, მარჯვენა საჭიანი სატრანსპორტო საშუალებები.
·       ყველა სატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
·       სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს არაუმეტეს 4  ადგილიანი და არანაკლებ 4 კარიანი, მითითებული ადგილების რაოდენობა გულისხმობს უშუალოდ მგზავრებისთვის გათვალისწინებული დასაჯდომი ადგილების რაოდენობას. აკრძალულია არაქარხნული წესით დამონტაჟებული / ჩადგმული დასაჯდომი ადგილების გამოყენება.
·       ყველა სატრანსპორტო საშუალების საბარგო უნდა იყოს არანაკლებ 380 ლიტრი მოცულობის.
·       სატრანსპორტო საშუალების ყველა სავარძელს უნდა გააჩნდეს უსაფრთხოების ღვედი.
·       სატრანსპორტო საშუალება გადაადგილებისათვის არ უნდა იყენებდეს თხევად ან ბუნებრივ აირს.  სატრანსპორტო საშუალება შეიძლება იყოს დიზელზე, ბენზინზე ან/და ელექტრო ძრავით.
·       ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ერთი ფერის. ოპერატორმა ისინი საკუთარი სახსრებით უნდა გააფორმოს ბრენდირებული სტიკერით. ბრენდირების დიზაინი წინასწარ უნდა შეთანხმდეს შპს „საქართველოს აეროპორტის გაერთიანებასთან“.
·       ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი მომსახურებით სარგებლობის შესაძლბელობა დაბრკოლებების გარეშე გააჩნდეთ შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) პირებსაც.
·       სატრანსპორტო საშუალების სალონში, მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილზე უნდა განთავსდეს ე.წ. „საინფორმაციო ფურცელი“ სადაც მითითებული იქნება: მძღოლის სახელი და გვარი (ფოტოსურათი სავალდებულოა), ოპერატორის სახელწოდება, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე მგზავრობის ფასები (მათ შორის, მიმართულებების მიხედვით) შესაბამისი ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

აუქციონის პირობების მიხედვით, მგზავრთა გადაყვანის დაწყების მომენტიდან უფლების ფლობის მთელი პერიოდის განმავლობაში ოპერატორს უნდა გააჩნდეს მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა, ლიმიტით არანაკლებ 100 00 ლარი (არაუმეტეს 1%-იანი ფრანშიზით), ასევე ტრანსპორტით გადაყვანის დროს მგზავრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა, ლიმიტით არანაკლებ 5 000 ლარი თითოეულ მგზავრზე (არაუმეტეს 1%-იანი ფრანშიზით) და ჯამური ლიმიტით 25,000 ლარი წლის მანძილზე იმგვარად, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში ჯამურად შესაძლებელი იყოს ერთდროულად სულ მცირე 5 მგზავრისათვის სადაზღვევო თანხის გადახდის შესაძლებლობა.

სატრანსპორტო კომპანიამ საჭიროების შემთხვევაში მგზავრზე უნდა გასცეს გადახდის ჩეკი და ინვოისი. ასევე შესაძლებელი უნდა იყოს პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორებაც.
ფასები უნდა იყოს ფიქსირებული, ან უნდა ხდებოდეს ფასის აღრიცხვა სატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებული მრიცხველის საშუალებით. დაშვებულია ორივე ალტერნატივის ერთდროულად გამოყენება, გარკვეული მიმართულებებზე (მათ შორის: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი) ფასის დაფიქსირების გზით. ფასი, როგორც ფიქსირებული მიმართულების, ასევე მრიცხველის კილომეტრაჟის მიხედვით, წინასწარ უნდა შეთანხმდეს აეროპორტების გაერთიანებასთან, ასევე, გამოქვეყნებული უნდა იყოს მგზავრთათვის თვალსაჩინო ადგილზე.
ამასთანავე, მგზავრობის ფასი (გადასახადების ჩათვლით) ქუთაისის აეროპორტიდან  და პირიქით, შემდეგი მიმართულებებზე  არ უნდა აღემატებოდეს: თბილისი – 200 ლარი, ბათუმი – 120 ლარი, ქუთაისი – 30 ლარი. მგზავრობის ფასი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებით ერთი მიმართულებით შესრულებული ერთი მარშრუტისათვის მგზავრ(ებ)ის მიერ გადასახდელ მაქსიმალურ ჯამურ ღირებულებას.

დადგენილი მაქსიმალური ფასის გადახედვა შესაძლებელი იქნება საქართველოში საწვავის ფასის და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ოპერატორის წერილობითი მომართვის საფუძველზე.

მგზავრობის ფასი ყველა მიმართულებით უნდა მიესადაგებოდეს საბაზრო ფასს.

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: იმედგაცრუებული ვარ

თბილისი (BPI) – ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. “დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ …