ქვეყანაში ჯანმრთელობისთვის საშიში თუთუნი იყიდება

თბილისი (BPI) – პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად, 30%-ის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. გადაწყვეტილება პარლამენტში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით ახსნეს. იყო მოლოდინი, რომ სიგარეტის გაძვირება მის მოხმარებას შეამცირებდა. მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ზრდამ მოხმარება 3%-ით შეამცირა, თუმცა, რამდენად ზუსტია ეს მონაცემი, ამის თქმა რთულია, რადგან მწეველების დიდმა ნაწილმა გაძვირებული სიგარეტი შედარებით დაბალფასიანი ე.წ. გასახვევი თუთუნით ჩაანაცვლა, რომელიც აქციზით არ იბეგრება და შესაბამისად, მისი ზუსტი აღრიცხვა შეუძლებელია.

რა ხარისხის თუთუნი შემოდის ქვეყანაში, ამის კონტროლი არ ხორციელდება. ხშირ შემთხვევაში იმპორტირებული ნედლეული ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს, რაც ჰამბურგის აკრედიტირებულმა ლაბორატორიამაც დაადასტურა.

EUROFINS (Hamburg Germany) ლაბორატორიაში საქართველოში სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებული 20 სხვადასხვა სახეობის შესაფუთი თამბაქოს ნიმუში შეამოწმეს. აგრეთვე, ანალიზი ჩაუტარდა, 15 სხვადასხვა სახეობის ყველაზე გაყიდვად სიგარეტსაც. ანალიზმა შეუფუთავი თამბაქოს 20 ნიმუშიდან 11-ში პესტიციდების კვალი აჩვენა, რაც დასაშვებ ნორმას აჭარბებდა. სიგარეტთან შედარებით, შესახვევი თამბაქო შეიცავდა სამჯერ მეტი ოდენობით ბენზპირენს (პოლიციკლური ნახშირწყალბადების ჯგუფის მომწამვლელი ნივთიერება). თუთუნის შემადგენლობაში ბევრად მეტი ოდენობით იყო ქრომი (Cr) და თამბაქოსთვის სპეციფიკური ნიტროზამინების უფრო ფართო სპექტრი. გასახვევი თუთუნის შემადგენლობაში დაფიქსირდა მძიმე მეტალები – სიგარეტთან შედარებით ორჯერ მეტი ტყვია (Pb), და კადმიუმის (Cd) უფრო ფართო სპექტრი.

EUROFINS (Hamburg Germany)-ის მეცნიერებმა შესახვევი თუთუნის შვიდ ნიმუშში აღმოაჩინეს მწერსაწინაღმდეგო პრეპარატის (DDT – დიქლორ-დიფენილ-ტრიქოლოეთანი) კვალი, რომლის გამოყენება განვითარებულ ქვეყნებში აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია. ჩვეულებრივი სიგარეტის ნიმუშებში ასეთი ნარჩენები არ დაფიქსირდა.

საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის სამ სინჯში აღმოჩნდა გენმოდიფიცირებული თამბაქო. გენმოდიფიცირებული ნედლეულის გამოყენება ბრენდული სიგარეტის წარმოებაში მკაცრად კონტროლდება, რადგან მომხმარებლები მასში განსაკუთრებულ საფრთხეს ხედავენ. ამიტომ განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შემოტანილი თუთუნის შემთხვევაში ამის გაკონტროლება შეუძლებელია.

აქციზის განაკვეთის მომატებით მთავრობა დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლების მიღებას ვარაუდობდა, თუმცა, ასე არ მოხდა. ბიუჯეტმა თამბაქოს ნაწარმის აქციზის გადასახადის საპროგნოზო მოცულობის დაახლოებით 80% მიიღო. ეკონომიკური ექსპერტები ამ დანაკლისს ერთი მხრივ, ქვეყანაში გადასახვევი თამბაქოს დაუბეგრავად შემოტანას და მეორე მხრივ, სიგარეტის კონტრაბანდით ხსნიან.

„როცა აქციზს ვზრდით პროდუქტზე, რომლის არალეგალური გზით შემოტანა არის ადვილი, შეუძლებელია, კონტრაბანდის რისკები არ დადგეს. თამბაქო სწორედ ასეთი პროდუქტია და თანაც, ის მეზობელ ქვეყანაში თითქმის 50%-ით იაფი ღირს. საბიუჯეტო შემოსავლებს თუ შევხედავთ, მოსალოდნელი რისკები დადასტურდა.

სიგარეტის გაძვირებამ მწეველთა რაოდენობა კი არ შეამცირა, არამედ ყველაზე ცუდი შედეგი დადგა-ისინი დაბალი ხარისხის, უფილტრო სიგარეტის მოხმარებაზე გადავიდნენ. თუ ბრენდირებული სიგარეტი დამუშავებულია და იფილტრება, გადასახვევი თამბაქო ამ ყველაფერს მოკლებულია და ლოგიკურად, ჯანმრთელობაზე მისი მავნე ზემოქმედება მეტია”,- ეკონომიკის ექსპერტი პაატა ბაირახტარი.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიღებულმა რეგულაციებმა თამბაქოს სექტორზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციების გავლენა ინდუსტრიისთვის კვლავ კრიტიკულ საკითხად რჩება, კომპანიების შეფასებით, მათი ბიზნეს აქტივობა და რეალიზაციის მაჩვენებელი 30-40%-ის ფარგლებში არის შემცირებული. კრიტიკულ საკითხებად რჩება – დაჭრილი თამბაქოს აქციზით დაბეგვრასთან, აქციზის გათანაბრებასთან და თამბაქოს ახალი პროდუქტის დეფინიციასთან დაკავშირებული საკითხები.

მიგვაჩნია, რომ თამბაქოს ბაზრის ყველა მოთამაშისთვის თანაბრად  სამართლიანი საგადასახადო წესები უნდა არსებობდეს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გათანაბრება, დაჭრილ თამბაქოზე აქციზის დაწესება. ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველომ თამბაქოს ნაწარმის აქციზზე 2024 წლამდე უნდა მიაღწიოს ევროპის საბჭოს დირექტივით გათვალისწინებულ მინიმალურ განაკვეთს, რაც გულისხმობს 1000 ღერ სიგარეტზე 90 ევროს აქციზის დაწესებას.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის არსებობა, რომელშიც გადასახადის ზრდის დინამიკა დროში იქნება გაწერილი.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შემუშავდეს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდის გრაფიკი. ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა  იყოს ბიზნესის ინტერესები და ის კონტრაბანდული ზეწოლის რისკები, რაც შესაძლოა, თან ახლდეს აქციზის განაკვეთის ცვლილებას ზრდის მიმართულებით”,-აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე.

„გაუაზრებელი საგადასახადო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში შემოდის გაურკვეველი წარმომავლობის შესახვევი თამბაქო. არავის შეუმოწმებია რა ხარისხისაა ეს პროდუქტი და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობას. ამავე დროს, ამ თამბაქოს იმპორტიორები ბიუჯეტში გადასახადს  არ იხდიან. მთავრობის წარმომადგენლები აქციზის გაზრდას იმით ხსნიდნენ, რომ საგადასახადო შემოსავლების მატება უნდოდათ და ამბობდნენ, რომ ჯანდაცვაზე ზრუნავდნენ. მაგრამ მივიღეთ საპირისპირო შედეგი- შემცირებული გადასახადები და გაურკვეველი, ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი”,- ივანე ხასია კომპანია „ჯი-თი-აი”-ს კორპორაციული დირექტორი.

„სიგარეტის ბიზნესის ლეგალური ნაწილი თუთუნის ჩრდილოვანმა ბიზნესმა ჩაანაცვლა. იმპორტიორები საბაჟოზე აჩვენებენ, რომ დაჭრილი თამბაქო საწარმოო დანიშნულებით შემოაქვთ. რეალურად კი მას აფასოებენ 500 გრამიან შეფუთვაში და გადასახადებს თავს ამ გზით არიდებენ. რამდენად საშიში მინარევების შემცველი თამბაქო შემოდის ქვეყანაში, ეს ჰამბურგის ლაბორატორიის კვლევამაც აჩვენა. ამას დაემატა კონტრაბანდის პრობლემა. მეზობელ სომხეთთან შედარებით ჩვენთან უკვე 3 ლარით ძვირია სიგარეტი, რაც ბიძგს აძლევს სიგარეტის არალეგალური გზით შემოტანას. ამან გამოიწვია ის, რომ ლეგალურ კომპანიებს შემოსავლები დაახლოებით 60%-ით შეუმცირდათ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ ბიზნესმა უკვე დაიწყო თანამშრომლების შემცირება, რადგან შემოსავლები შეუმცირდათ ”,- ამბობს „ბრითიშ ამერიკან თობაქოს” კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე.

რა რისკების შემცველია მოწევა ჯანმრთელობისათვის, ამის შესახებ ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მაგრამ ეს რისკები კიდევ უფრო იზრდება, როცა ქვეყანაში შემოდის გენმოდიფიცირებული და სტანდარტების შეუსაბამო ნედლეულისგან დამზადებული თამბაქო, რომელიც რადიოაქტიური ნივთიერებებით არის დაბინძურებული. მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს ემატება სიგარეტის კონტრაბანდის მზარდი მასშტაბი და შესაბამისად, ფინანსური დანაკარგები, რომელსაც ქვეყანა განიცდის.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგი, ბაზისბანკი – №6

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი 01.10.2019 -ის მდგომარეობით, ₾7.3  მლრდ-ს აღემატება (01.10.2018 -₾5.9  მლრდ). …