სემეკის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველოში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა და 2.998 მლრდ კუბ.მ შეადგინა.
ამასთან, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2022 წელს 1,335 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებამ კი – 1,663 მლნ კუბ.მ, მათ შორის 754 მლნ კუბ.მ თბოსადგურების მოხმარებას შეადგენს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის 99.5% იმპორტირებული პროდუქტით კმაყოფილდება, ხოლო დანარჩენი 0.5% კი ადგილობრივი წარმოებით. სემეკის ინფორმაციით, ქვეყანაში გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ აზერბაიჯანის რესპუბლიკა რჩება:
„საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა. სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 83%-ს. ამავდროულად, საქართველო ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რომელიც 2022 წელს 6 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა გასული წლის მაჩვენებელს“. – აღნიშნულია სემეკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.