ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მიცემული აქვს დავალება, სახელმწიფოს დაფინანსებით უზრუნველყოს საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტების ცხოვრების ნორმალური პირობები – ლევან დავითაშვილი

„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს გამოჩენილი სოლიდარობისთვის, თუმცა, ცხადია, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებენ საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტების მოვლა-პატრონობას, მათ რჩენას, ამიტომ ჩვენ მყისიერად გადავწყვიტეთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ამ ადამიანების დასახმარებლად გამოიყენებს ყველა იმ რესურსს, რომელიც გვქონდა წინა პერიოდში, მათ შორის პანდემიის კრიზისის პირობებში სასტუმროების კუთხით – ჩვენ ამ ყველაფერს დავაფინანსებთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე სახელმწიფო იზრუნებს იმ ტურისტებზე, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და დაბრუნების საშუალება არ გააჩნიათ” – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ტურისტს, შეიძლება არ აქვს საარსებო საშუალებები და ამის უზრუნველყოფისთვის, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დავალება უკვე მიცემული აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.

„სამწუხაროდ, შეიძლება ყველა ინფორმაცია ჩვენთან არ შემოდის, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებულია – ჩემი დავალება უკვე მიცემული აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომელიც კოორდინაციაშია მუნიციპალიტეტებთან და ჩვენ ვიმუშავებთ ყველა ადამიანთან, რომ მათ ჰქონდეთ ცხოვრების ნორმალური პირობები” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, პირველივე დღიდან, როდესაც დაიწყო კრიზისი, ეკონომიკის სამინისტროს პირველი პასუხი იყო ჰუმანიტარული დახმარება იმ გამოწვევებზე, რომლებიც დაუდგა უკრაინელ მოქალაქეებს, ტურისტებს, ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ საქართველოში ვეპატიჟებოდით და გვსურდა, მათთვის საქართველო საუკეთესო ფორმით გვეჩვენებინა.

„ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველივე დღეს გააკეთა ცხელი ხაზი, რომ ადამიანებს არ ჰქონოდათ პრობლემა თავშესაფართან დაკავშირებით და უზრუნველყოფილი ყოფილიყო მათი დაბინავებისთვის მაქსიმალურად კარგი პირობები. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს გამოჩენილი სოლიდარობისთვის, რომ ჩვენ დავიწყეთ ტურისტების განთავსება ისე, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩენილიყო ნორმალური საცხოვრებელი პირობების გარეშე” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ …