ტაქსის მძღოლების 91% В კატეგორიის მინიჭებას ირჩევს

თბილისი (BPI) – სერვისი „მაქსიმის” სპეციალისტებმა შეადგინეს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ტაქსის მძღოლების 91% В კატეგორიის მინიჭებას ირჩევს (ქუჩაში მგზავრის აყვანის უფლების გარეშე), A კატეგორიის მიღება კი 9% სურს.

მონაცემები 800 – ზე მეტ ლიცენზირებულ, თბილისში „მაქსიმის” სერვისით მოსარგებლე ტაქსის მძღოლის არჩევანს ეყრდნობა.

უმრავლესობის განმარტებით, მათთვის აპლიკაციის ან ტელეფონის მეშვეობით მომსახურების გაწევა გაცილებით კომფორტული და მომგებიანია. ამდენად, A კატეგორიის პრივილეგიებით სარგებლობისთვის დამატებითი ხარჯების გაწევა არ უღირთ.

მოგეხსენებათ, თეთრად ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები მხოლოდ იმ პირებზე ვრცელდებოდა, რომლებმაც 2018 წლის 11 ოქტომბრამდე აიღეს ლიცენზია ან მათზე, ვინც 2019 წლის 1 იანვრამდე მიიღეს ნებართვა და მათი ავტომობილი იყო არაუმეტეს 15 წლისა. სხვა შემთხვევაში კი, მძღოლებს A კატეგორიის მისაღებად დაახლოებით 2000 ლარის დახარჯვა უწევთ.

ამასთან, მძღოლების გარკვეული ნაწილისთვის ტაქსის მომსახურება დამატებითი შემოსავლის წყაროა, მათ საკუთარი ავტომობილებით სარგებლობა პირადი მიზნებისთვისაც სურთ:

„დღესაც თავისუფალი გრაფიკით ვმუშაობ და მხოლოდ გამოძახებებზე გავდივარ, სერვისი „მაქსიმი” საკმაოდ მოსახერხებელია ჩემთვის. ამასთან, ავტომობილს საოჯახო მიზნებისთვისაც ვიყენებ, შესაბამისად, მისი თეთრი ფერით შეცვლა ან მანქანაზე სარეკლამო ბანერის განთავსება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია,-” ნოდარ ანდრიაძე.

ტაქსის მძღოლებისთვის, რომლებიც A კატეგორიას ირჩევენ, შეთავაზებული პრივილეგიები პრიორიტეტულია. B კატეგორიის ტაქსებისგან განსხვავებით, მათ მგზავრის აყვანა ქუჩიდანაც შეეძლებათ, განსაზღვრულ ადგილებზე უფასო პარკირებით ისარგებლებენ, ტაქსის მანათობელ ნიშანს უსასყიდლოდ მიიღებენ და ავტომობილზე რეკლამის განთავსების უფლება ექნებათ.

„კანონმორჩილი კაცი ვარ, როდესაც ტაქსის ახალი რეგულაციების შესახებ შევიტყე, შესაბამისი ვაუჩერით ვისარგებლე და ჩემი მინივენი თეთრად გადავღებე, სამომავლოდ რომ არ შემქმნოდა პრობლემები. თანაც, გარკვეული პრივილეგიებით ვისარგებლებ. რაც შეეხება ქუჩიდან მგზავრის აყვანის უფლებას, შესაძლოა, დამატებით შემოსავლად განვიხილო, თუმცა სრულად მაკმაყოფილებს „მაქსიმის” სერვისით მომსახურების გაწევა. ჩემთვის უფრო კომფორტულია, როდესაც მომხმარებელმა წინასწარ იცის ტაქსის მისვლის დრო, მარშრუტი და გადაადგილების ღირებულება, ამ გზით მასთან თუნდაც ფასზე უსიამოვნო საუბარს ვარიდებ თავს,-” თამაზ ზანდარაშვილი.

შემთხვევითი სიახლე

ქართულ ბანკებს ქალის ხელი აკლია – სებ-მა ასე გადაწყვიტა

თბილისი (BPI) – “ბანკმა უნდა უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რომ დაცული იყოს მოსაზრებათა მრავალფეროვნების …