ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი – ნარმანია

ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია – ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე იმპორტი არ ხორციელდება, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება.

„იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის გაზაფხული ძალიან წყალუხვი იყო და ეს ტენდენცია შენარჩუნდა ზაფხულის დასაწყისშიც ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია ჩვენს სრულად ფარავს და მეტი ენერგიაც რჩება. შესაბამისად, ხდება ჭარბი ენერგიის ექსპორტი თურქეთში. ამ წლის გაზაფხული ამ თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეულია. ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება უახლოეს პერიოდშიც, ვინაიდან წყალუხვობა ნარჩუნდება და გარდა ამისა, ე.წ. მარეგულირებელმა ჰიდროელექტროსადგურებმა, რომელთაც შეუძლიათ დააგროვონ წყალი, საკმაოდ მოცულობითი წყლის რესურსები დააგროვეს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, რომ დაგროვილი წყლით ეტაპობრივად გამოიმუშაონ ენერგია და მიაწოდონ ბაზარს.

რაც შეეხება იმპორტს – იმპორტი ამ ეტაპზე არ ხორციელდება, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება. ზოგადად იმპორტს რაც შეეხება, ბოლო წლებში ჩვენ იმპორტი გვაქვს ძირითადად სამი ქვეყნიდან: რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი და არჩევანი კეთდება შედარებით იაფ ენერგიაზე, რათა ტარიფზე ზეწოლა არ იყოს დიდი.

ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია. ამასთან, ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, მაგრამ თუ რაღაც მიზნით მოხდება მისი შეზღუდვა, ან ემბარგო დაწესდება ან სხვა, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ ექნება, რადგან ალტერნატიური წყაროები ელექტროენერგიის მიღებისა ნამდვილად არსებობს.

იმ შემთხვევაში თუ გაფარდოვდება სანქცირებულთა წრე და შესაძლოა „ინტერ რაოს“ ჯგუფიდან მისი შვილობილი კომპანიები თბილისში, მაგალითად, „თელმიკო“ და სხვა მოხვდებიან სანქცირებულთა სიაში, ეს ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით შემაფერხებელი ვერ იქნება, რადგან მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი როლი და ფუნქცია არის ის, რომ დანიშნოს სპეციალური მმართველი ასეთ შემთხვევაში და შიდა საბანკო სისტემის მეშვეობით განხორციელდეს გადახდები, ოპერაციები და ამას მომხმარებელი ვერ იგრძნობს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე.

წყარო: ipn.ge

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …