სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.2%-ი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3%-ი შეადგინა

2021 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას1 , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი ასევე 6.3 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

განათლება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა დონით განუსაზღვრელი განათლების (16.8 პროცენტი), საშუალო განათლების (6.6 პროცენტი) და სკოლამდელი და დაწყებითი განათლების (4.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა საკონდიტრო ნაწარმი (1.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4.7 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-2.3 პროცენტი), ასევე ზეთსა და ცხიმზე (-2.3 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.99 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (40.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (38.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (13.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (12.6 პროცენტი), თევზეული (11.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.1 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.3 პროცენტით, რაც 2.47 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.8 პროცენტიანი მატება, რაც 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.1 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.72 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (14.9 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

შემთხვევითი სიახლე

ქართული ღვინო გერმანიაში, საერთაშორისო გამოფენაზეა წარდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, გამოფენაზე „ProWein-2022“ ქართული …