სემეკი ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, რომლის მიზანიცაა მარეგულირებელი კომისიის, როგორც ინსტიტუციის, დისკრედიტაცია და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

სემეკი, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია ფუნქციონირებს 1997 წლიდან. კომისია, როგორც ინსტიტუცია შეიქმნა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, USAID-ის მხარდაჭერით, რეკომენდაციებითა და ჩართულობით. დაარსების დღიდან, კომისია ფინანსდება ლიცენზიატი კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურიდან. ჯერ კიდევ 1997 წლიდან მარეგულირებელი კომისიის ბიუჯეტის წყაროს ასეთი სახით ფორმირება განპირობებული იყო მარეგულირებელი ინსტიტუტის საქმიანობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით და ეფუძნებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს სემეკმა ბოლო პერიოდში გაზარდა რეგულირების საფასური და შესაბამისად, გაზარდა შემოსავალი, არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, რეგულირების საფასური 2012 წელსა და წინა პერიოდთან შედარებით, 2013 წლიდან საშუალოდ 30-35%-ით არის შემცირებული.

ასევე  არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს სემეკმა ბოლო წლებში ოფისი აიშენა და ამისთვის მილიონობით ლარი დახარჯა. მარეგულირებელი კომისიის გამართული ფუნქციონირებისა და მასზედ დაკისრებული მოვალეობების რეალურად შესრულების მიზნით 2014 წლის 1-ლი თებერვლიდან სემეკმა ფუნქციონირება განაგრძო ქ. თბილისში. იქიდან გამომდინარე, რომ  სემეკს არ გააჩნდა თავისი შენობა, ყოველწლიურად გაზრდილი იჯარის ღირებულების გადახდა უწევდა, რაც წარმოადგენდა დამატებით ხარჯს. სწორად ამ ხარჯის შემცირების მიზნით, კომისიამ გამოისყიდა ის შენობა, სადაც ქ. თბილისში 2014 წლიდან არის განთავსებული.

ერთ-ერთი ოპოზიციური  პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს ალბათ ახსოვს 2008 წელი, როდესაც სემეკის ქ. ქუთაისში გადატანის გამო კომისიას მაშინდელი მთავრობის მიერ დაევალა შენობის აშენება საკუთარი ხარჯებით, რაშიც რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ იმავე მთავრობამ, მოგვიანებით აღნიშნული შენობა სემეკს იძულებით დაათმობინა.

მარეგულირებელი კომისია მოუწოდებს ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს, თავი შეიკავოს პოპულისტური განცხადებებისა და კომისიის დისკრედიტაციის მცდელობისგან.

სემეკის როგორც საქმიანობის, ასევე ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციები საჯარო და ხელმისაწვდომია, განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე: www.gnerc.org

შემთხვევითი სიახლე

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში – რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

თუ გსურს, ისწავლო  პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები  და დაიწყო სვლა მომავალი …