სემეკი ანტიკორუფციული მოძრაობის ბრალდებებს პასუხობს

სემეკი ანტიკორუფციულ მოძრაობას პასუხობს და განმარტავს, რომ  განცხადება, მათ მიერ დღეს გამოთქმული ბრალდებები მიზნად ისახავს მარეგულირებელი კომისიის, როგორც ინსტიტუტისა და  პერსონალურად, კომისიის წევრების დისკრედიტაციას.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ორგანიზაციის –  „ანტიკორუფციული მოძრაობის“ განცხადებებს. მათ მიერ გაჟღერებული განცხადებები მიზნად ისახავს მარეგულირებელი კომისიის, როგორც ინსტიტუტისა და  პერსონალურად, კომისიის წევრების დისკრედიტაციას.

პირველ რიგში, სემეკი ხაზგასმით აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში კომისიაში ტარიფების ზრდა არ განიხილება. კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები შეიცავს მხოლოდ იმ აუცილებელ ხარჯებს, რაც მოსახლების ელექტროენერგიით, ბუნებრივი გზითა თუ სასმელი წყლით მომარაგებისთვის არის აუცილებელი. სემეკის მიერ ტარიფები დგინდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, საჯარო სხდომაზე, გამჭვირვალედ, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება. ასევე, ნებისმიერ პირს შეუძლია ტარიფებთან დაკავშირებული მასალების გამოთხოვა, ტარიფების დადგენის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიისთვის წინადადებით მომართვა. კომისიის მიერ სატარიფო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დადგენილი ტარიფების გაანგარიშებების დეტალური განმარტებითი ბარათები განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე: https://gnerc.org.

ტყუილია „ანტიკორუფციული მოძრაობის“ განცხადება, თითქოს მათი 21 იანვრის მომართვაზე სემეკს დღემდე პასუხი არ გაუგზავნია. სემეკიდან შესაბამისი პასუხი გაიგზავნა 28 იანვარს, რომლის გადამოწმებაც მარტივად შესაძლებელია მომსახურე ფოსტის მეშვეობით. მოძრაობა ითხოვდა ელექტროენერგიის იმპორტის შესახებ ხელშეკრულებების გასაჯაროებას. ორგანიზაციას წერილობით განემარტა, რომ სემეკში არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ხდება საქართველოს მიერ იმპორტის მეშვეობით ელექტროენერგიის შეძენა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. შესაბამისად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს ინფორმაცია ხელშეკრულებების შესახებ, რომელთა საფუძველზეც ხდება საქართველოს მიერ იმპორტის მეშვეობით ელექტროენერგიის შეძენა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი სოციალურ ქსელში საკუთარ პროფილზე პოსტების განთავსებაში დაადანაშაულეს. გიორგი ფანგანი ენერგეტიკის სექტორში საქმიანობს 2005 წლიდან, სემეკში 2010 წლიდან ეკავა ხელმძღვანელი პოზიცია, ხოლო 2021 წელს მეორე ვადით აირჩა სემეკის წევრად.  გიორგი ფანგანი პროფესიით იურისტია. იგი მონაწილეობდა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე სხვადასხვა ნორმატიული აქტების შექმნაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებაში. მისი ინიციატივით შემუშავდა უპრეცენდენტო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და კომპანიების მხრიდან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. გიორგი ფანგანი ორი წლის განმავლობაში იყო ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) პრეზიდენტი, ასევე ხელმძღვანელობდა სემეკში განხორციელებულ არაერთ საერთაშორისო პროექტს, ხოლო ამჟამად არის ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე მეოთხე დაძმობილების პროექტის ლიდერი საქართველოს მხრიდან. სემეკის წევრის შესახებ ამ მოკლე ინფორმაციითაც ნათელია, რომ იგი სემეკის წევრის პოზიციას იკავებს როგორც პროფესიონალი კადრი.

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს კომისიაში გაცემულ სარგოზე. სემეკი განმარტავს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია სემეკის შესახებ, მათ შორის ფინანსური ნაწილის შესახებ, მოცემულია კომისიის საქმიანობის წლიურ ანგარიშებში, ამასთანავე, კომისიის ანგარიშს ყოველწლიურად წარადგენს სემეკის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში. კომისიის ანგარიშები განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე და საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია კომისიის წევრების მიერ შევსებული დეკლარაციები. კომისია არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფინანსდება ლიცენზიატი კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურიდან და კომისიასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხი, ისევე როგორც სხვა სამართლებრივ საკითხები ექვემდებარება კანონმდებლობას“, – აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …