სებ-ი მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის პროექტს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ტაქსონომიის პროექტს აქვეყნებს. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია წარმოადგენს კლასიფიკაციის სისტემას ისეთი აქტივობების განსასაზღვრად, რომლებიც მწვანე, სოციალურ ან მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან მიზნებს ემსახურებიან. ტაქსონომიის მთავარი მიზანი საქართველოში მდგრადი დაფინანსების ბაზრის განვითარება და შედეგად, ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა.

დოკუმენტის შემუშავება განპირობებულია ერთი მხრივ, საერთო განმარტებებისა და კლასიფიკაციის სისტემების არარსებობით, რომელიც მდგრადი დაფინანსების განვითარების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება. ამასთან,  საერთო ტაქსონომიის არსებობამ ხელი უნდა შეუწყოს მდგრადობის რისკების სათანადო იდენტიფიკაციას, შეფასებასა და მართვას, როგორც ინდივიდუალურ, ისე სისტემურ დონეზე. ტაქსონომიის შემუშავებამ ასევე, ე.წ. “greenwashing”-ის (არამწვანე პროექტის/პროდუქტის მწვანედ კლასიფიცირება) რისკის შემცირებაც უნდა უზრუნველყოს. მეორე მხრივ, საქართველოსთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის შემუშავება ქვეყნის ფინანსური სისტემის მახასიათებლების, მდგრადი დაფინანსების განვითარების დონისა და საქართველოსთვის აქტუალური მდგრადი განვითარების საკითხების გათვალისწინების აუცილებლობამ განაპირობა.

სწორედ ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით საქართველოსთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის პროექტი შეიმუშავა. დოკუმენტი მჭიდროდ არის დაკავშირებული ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში გაწერილ სხვა ნაბიჯებთან და მათი წარმატებულად განხორციელების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

ტაქსონომია ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებულ მდგრადი დაფინანსების ფართო ცნებას ეფუძნება და მწვანე დაფინანსებასთან ერთად სოციალურ დაფინანსებასაც მოიცავს. მწვანე ტაქსონომია ისეთი აქტივობების ჩამონათვალია, რომლებიც გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას და მწვანე ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. სოციალური ტაქსონომია კი, ძირითადად, სოციალური მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული. ტაქსონომიის ფარგლებში, ისეთი მწვანე/სოციალური აქტივობები, რომლებსაც სოციალური/მწვანე თანასარგებელი აქვთ მდგრად საქმიანობად განიხილება.

ამასთან, უახლოეს მომავალში დაგეგმილია კომერციული ბანკებისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების რეგულაციის დამტკიცება. ტაქსონომიის რეგულაცია ოფიციალურად განმარტავს მწვანე, სოციალურ და მდგრად სესხებს და კომერციულ ბანკებს ტაქსონომიასთან შესაბამისი სესხების ანგარიშგების მოთხოვნებს უწესებს. ხოლო მოგვიანებით, კი კაპიტალის ბაზრის მონაწილეებისთვის ტაქსონომიის საფუძველზე მწვანე, სოციალური და მდგრადი ობლიგაციების ჩარჩო შემუშავდება.

მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის პროექტის გაცნობა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე – მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია. დაინტერესებული მხარეებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2022 წლის 20 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sustainablefinance@nbg.gov.ge

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …