საწვავის ბაზრის 2021 წლის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ბაზარი შეფასებულია როგორც კონკურენტული – სააგენტო

კონკურენციის ეროვნული სააგენტო საწვავის ბაზარზე 2021 წლის პერიოდს აფასებს და რეკომენდაციას გასცემს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, 2021 წელს საავტომობილო საწვავის ბაზარზე კონკურენტული გარემო ჯანსაღია, თუმცა ეკონომიკური აგენტების მიმართულებით რეკომენდაციას გასცემს. “2013 წლიდან ბაზარზე დადებითი ცვლილებები შეინიშნება როგორც ბენზინის და დიზელის იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო რეალიზაციის მიმართულებით. 2012 წელს, ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, 2021 წელს მათი რიცხვი 39–ია. საცალო ბაზარზე 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 58%–ია, მაშინ როდესაც, 2013 წელს მხოლოდ 5 იყო. 2015 წლიდან 29%–ით გაზრდილია ავტოგასამართი სადგურების რიცხვი და ის 1232-ია, საიდანაც 5 მსხვილი კომპანია ოპერირებას უწევს მათ 40%–ს. იმპორტის დონზე ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია, საბითუმო და საცალო დონეზე დაბალკონცენტრირებული, მოხდა ცვლილება ,,ხუთეულში’’, რაც მიუთითებს აქტიურ კონკურენციაზე” – აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

მისი განმარტებით, ამავე პერიოდში, საწვავის ფასის ფორმირებაზე ძირითად გავლენას ახდენდა გლობალური ფასი, რომლიც 2021 წელს 65%–ით არის გაზრდილი, ეროვნული კურსის გამყარების მაჩვენებელი კი მხოლოდ 6–7%–ის ფარგლებში იყო, რაც ვერ აკომპენსირებდა გაზრდილ გლობალურ ფასს.

ადგილობრივ ბაზარზე მსოფლიო ფასის ცვლილება აისახებოდა 2–4 კვირიან შუალედში. მცირე ქსელები ფასზე ბევრად მოქნილად რეაგირებენ. ასევე, აქტიური კონკურენციის მაჩვენებელია ფასთაშორის სხვაობები ერთიდაიგივე ტიპის ბენზინის რეგულარის საწვავზე მსხვილ და მცირე ქსელებს შორის, 2021 წელს ის 30–45 თეთრის ფარგლებში იყო.

ერთის მხრივ, ამის მიზეზი თურქმენეთიდან და რუსეთიდან შედარებით დაბალი თვითრირებულებით შემოსული საწვავია. მთლიანობაში საწვავის ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები თანხვედრაში იყო ძირითად მომწოდებელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან – აცხადებს ლექვინაძე. ანგარიშის მიხედვით, მსხვილი კომპანიების ფასნამატები ოქტომბერ–იანვარში 13–31 თეთრის ფარგლებში მერყეობდა, რაც 5–10%–ია. მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციას გასცემს და მოუწოდებს ეკონომიკურ აგენტებს თავი შეიკავონ საწვავის სამომავლო ფასების ცვლილების დაკონკრეტებისაგან, განურჩევლად იმისა, ემყარება თუ არა ეს განცხადებები საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს.

“საჯარო განცხადება, რომ ფასი შეიცვლება კონკრეტული ციფრით – წარმოადგენს ბაზრის დამატებით გამჭვირვალობას და შესაძლოა მოიცავდეს სენსიტიურ მონაცემებს. გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ამგვარი განცხადება შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის რისკი” – განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.

მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს, ქვეყანაში საერთო ჯამში იმპორტირებულია 1 453 707 000 ლიტრი ბენზინი და დიზელი, რაც 7.2% – ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა თურქმენეთიდან – 22.1%, რომელსაც მოყვება რუსეთის ფედერაცია – 19.2% და რუმინეთი -18.2%. საერთო იმპორტის 45.7% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 54.3% ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში შეადგინა – 64%, ხოლო საერთო იმპორტში – 34.9%.

 

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში 2021 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის …