საქართველო vs. იტალია, გერმანია, სამხრეთ კორეა და ტაივანი

გუშინდელ პოსტში ვნახეთ პანდემიის გავრცელების დინამიკის პრეზენტაციის სხვა რაკურსით წარმოდგენის უპირატოსებები.

კერძოდ, გვსურს, დავაკვირდეთ დღიურ ცვლილებას, როგორც ჯამური რაოდენობის ფუნქციას ლოგარითმულ შკალაზე. ამ შემთხვევაში, გვაინტერესებს დადასტურებული შემთხვევების (ანუ მოკლედ, პოზიტივების) დინამიკა.

დინამიკის ასეთნაირად წარმოდგენის კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ შესაძლებელი ხდება სხვადასხვა ქვეყნების, რეგიონების და ა.შ. დინამიკათა პრაქტიკულად პირდაპირი შედარება. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში პანდემია იწყება სხვადასხვა დროს. ამდენად, გავრცელების წარმოდგენა კალენდარული თარიღებით პრობლემურია, რადგან შედარების მოსახდენად სხვადასხვა ქვეყნის გრაფიკები დროში წანაცვლებას მოითხოვს, რასაც თავისი დამატებითი და არასასურველი უზუსტობები შემოაქვს ანალიზში.

ამ გრაფიკზე ნაჩვენებია საქართველოს დინამიკის შედარება ერთის მხრივ იტალიასა და გერმანიასთან, სადაც შემაკავებელი ზომები საკმაოდ გვიან შემოიღეს, და მეორეს მხრივ ტაივანთან და სამხრეთ კორეასთან, სადაც შემაკავებელი ზომები თავიდანვე დაიწყეს.

კიდევ ერთხელ, Y-ღერძზე ნაჩვენებია დღიდან დღემდე პროცენტული ზრდა/ცვლილება ხოლო X-ზე პოზიტივთა ჯამური ანუ კუმულატიური რაოდენობა. გრაფიკში დრო მარცხნიდან მარჯვნივ მიედინება.

ასეთი წარმოდგენისას დამახასიათებელია გრაფიკიდან “ჩამოვარდნა”, რაც საკმაოდ სწრაფი ტემპით მოხდა ტაივანისა და სამხრეთ კორეაში და გაცილებით ნელი ტემპით ჯერ კიდევ მიმდინარეობს იტალიასა და გერმანიაში. “ჩამოვარდნა” ნიშნავს, რომ პანდემია ფაქტიურად შეკავებულია.

აქ მოყვანილი შედარებები მხოლოდ ხარისხობრივია და არა რაოდენობრივი, თუმცა ამავდროულად საკმაოდ თვალსაჩინო, საგულისხმო და ნიშანდობლივიცაა.

პირდაპირ თვალშისაცემია საქართველოს დინამიკის ‘სიახლოვე’ ტაივანთან.

ასევე შეუიარაღებელი თვალით ჩანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველო გერმანიისა და იტალიასაგან.

სამხრეთ კორეა თავდაპირველად რაღაცით ჰგავს საქართველოს, თუმცა შემდეგ უკვე დრამატულად სხვა ფორმას იღებს და დიდ ‘პიკზე’ გადის.

როგორც გუშინ ავღნიშნეთ, საქართველოში ზრდის ტემპი ბოლო ორი კვირაა 10%-ზე ნაკლებია. აქ საქართველოსთან შესადარებლად ნაჩვენებ ყველა ქვეყანაში პიკის გავლის შემდეგ ზრდის ამ ნიშნულიდან პანდემიის სისტემატიური კლება ხდება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პანდემიის კონტროლი სახეზეა და რომ არ უნდა იყოს მოსალოდნელი ამიერიდან ძლიერი სისტემური ზრდა. ყველაფერი მიგვანიშნებს იქითკენ, რომ საქართველოში უკვე უნდა იწყებოდეს ფართო პიკი, უფრო სწორად პლატო და რამოდენიმე კვირაში პანდემიამ საქართველოშიც უნდა დაიწყოს “ჩამოვარდნა”.

ტაივანთან და სამხრეთ კორეასთან შედარება კიდევ ერთხელ გვიჩვენებს თუ ამის დროულად მისაღწევად რაოდენ მნიშვნელოვანია ფიზიკური დისტანცირების ინტესიურად გაგრძელება.

რა თქმა უნდა, აქ ვეყრდნობით ტესტიტებულთა და პოზიტივთა სტატისტიკას (ncdc.ge) და ეს დასკვნები იმდენად კარგია, რამდენადაც კარგია ეს მონაცემები. კარგში ვგულისხმობთ რეალობის ხარისხობრივად მაინც წარმოჩენას. გასაგებია, რომ რაოდენობრივ სიზუსტეზე პრეტენზია ძნელია გქონდეს გარკვეულწილად შეზღუდული ტესტირების პირობებში.

გავმეორდებით, რომ Covid-19-ით ჰოსპიტალიზირებულთა დღიური სტატისტიკის არსებობა იქნებოდა უაღრესად და შეუდარებლად მნიშვნელოვანი ამ მიმართულებების და ტრენდების უფრო დიდი სიზუსტით შეფასებისთვის.

შესაძლოა არგუმენტირება, რომ ქვეყნებს შორის ასეთ შედარებებისას უმჯობესია არა კუმულატიური პოზიტივების პრეზენტაცია X-ღერძზე, არამედ კუმულატიურების ფარდობა ქვეყნის, რეგიონის, და ა.შ. მთლიან მოსახლეობასთან. მაგრამ აქაც არის გარკვეული ნიუანსები. მაგალითად, როგორც ცნობილია, იტალიაში ჩრდილოეთი მხარე გაცილებით უფრო ძლიერად იყო ინფიცირებული ვიდრე სამხრეთი; გერმანიასა და სამხრეთ კორეაში არსებობდა გავრცელების თავდაპირველი დიდი კერები და ქვეყნის მასშტაბით გავრცელება საკმაოდ არაერთგვაროვანი იყო და არის, და ა.შ. ამის გამო, ამ ეტაპზე უბრალოდ კუმულატიურ პოზიტივებით შემოვიფარგლეთ ქვეყნის მოსახლეობაზე ყოველგვარი ‘ნორმირების’ გარეშე.

ლევან ბაბუხადია

შემთხვევითი სიახლე

მოემზადეთ სასკოლო სეზონისთვის Rakuten Viber-თან ერთად: მესენჯერის ფუნქციები, რომლებიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გამოადგება

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის საერთაშორისო ლიდერი, ახალი სასკოლო სეზონის სამზადისში …