საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ინფლაციური წნეხი ძლიერი იყო – კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობასა და მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს განიხილავს. მისი განცხადებით, ფასების სტაბილურობა მაღალი და სტაბილური გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. ფასების სტაბილურობის მისაღწევად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც დღეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად არის აღიარებული.

„ინფლაციის თარგეთირების პირობებში, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის- მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის)- ცვლილებით მიიღწევა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციის დინამიკის პროგნოზირების, ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების შედეგად მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზი მის მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზრდება ან გამკაცრებული დარჩება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ დონეს ჩამორჩება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდება, ანუ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდება. ფულად ბაზარზე მიზნობრივი მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემდეგ ინსტრუმენტებს იყენებს: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, მთავრობის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები მეორად ბაზარზე, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა. ბოლო წლების განმავლობაში ერთმანეთის მიმყოლი შოკების შედეგად ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს აღემატება. პანდემიის პერიოდში, საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ინფლაციური წნეხი ძლიერი იყო. მსოფლიო მასშტაბით დაწესებულმა შეზღუდვებმა მიწოდების ჯაჭვების რღვევა გამოიწია და პროდუქტის წარმოების ხარჯები გაზარდა. ამავდროულად, მსოფლიოში სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაზარდა, რაც, თავის მხრივ, თითქმის ყველა სახის პროდუქტის საბოლოო ფასზე აისახა. ინფლაციური წნეხი საერთაშორისო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდამაც გაამწვავა”, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

კობა გვენეტაძემ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს საქართველოს სახელმწიფო ბანკის შესახებ გამოცემული წიგნი გადასცა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშში, ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს …