საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ საშუალოდ ინფლაცია შემცირდა – კობა გვენეტაძე

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ, საშუალოდ ინფლაცია შემცირდა. 2009-2022 წლის ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 4.7 პროცენტია, რაც ინფლაციის საშუალო მიზნობრივ მაჩვენებელს უტოლდება.

„მოგეხსენებათ, 2018 წლამდე ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ზე მაღალი იყო და 2009 წლიდან თუ ავითვლით, მისი საშუალო დონე 4.7 პროცენტია, რაც ინფლაციის თარგეთირების შემოღებამდე არსებულ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. შეგახსენებთ, რომ 1996-2008 წლებში ინფლაცია საშუალოდ 10.2% იყო. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ინფლაციის ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ეს, ძირითადად, განვითარებად ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპის გამო, არავაჭრობად სექტორში შედარებით მაღალი ინფლაციით აიხსნება. შესაბამისად, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები საშუალოდ 1-2 პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი 2-4 პროცენტის ფარგლებშია განსაზღვრული. საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, როდესაც მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დოლარიზაციაც, მიუხედავად ჯერ კიდევ მაღალი დონისა, ინფლაციის თარგეთირების შემოღების წელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია, 2018 წლიდან ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა, რაც დღესდღეობით გრძელვადიან სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

კობა გვენეტაძემ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს საქართველოს სახელმწიფო ბანკის შესახებ გამოცემული წიგნი გადასცა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშში, ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს …