საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 28 დეკებერს დაასრულა შპს ,,დელტა დეველოპმენტ გრუპის“ 2021 წლის 26 აპრილის საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა სათარჯიმნო/მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი 5 კომპანიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის (ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტს.
მოკვლევის შედეგად დადასტურდა 2 მოპასუხე ეკონომიკური აგენტის: შპს „თბილისის ბიზნეს სახლისა“ (ს/ნ: 404482608) და შპს „თბილისის ბიზნეს სახლის“ (ს/ნ: 204564293) მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის დარღვევა. დარღვევა გამოიხატებოდა საქმიან და კომერციულ ურთიერთობებში ISO 9001:2015 სერტიფიკატისა და IQNET-ის შესაბამისი ლოგოს უკანონო გამოყენებაში, რაც სააგენტოს შეფასებით, წარმოადგენს კომპანიის პრეზენტირებას/რეკლამირებას ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით.
სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხსენებულ კომპანიებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია და დაევალათ კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა.
ამასთან, მესამე მოპასუხე კომპანიას – შპს ,,უნივერსალურ ბიზნეს სერვისებს” დაევალა განხორციელებული ქმედების „კონკურენციის შესახებ“ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. კერძოდ, მომხმარებლისათვის დამაბნეველი და შეცდომაში შეყვანის რისკის მატარებელი ინფორმაციის ვებ-გვერდიდან აღება.
——————-