საქართველოს ბანკი Amazon-თან ერთად ფინტექ ვებინარს გამართავს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულებით პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 29 მარტს 21:00 საათზე Amazon-ის და საქართველოს ბანკის ერთობლივი ვებინარი, თემატიკით „Building MVP on AWS” გაიმართება.

Amazon-ის წარმომადგენლები ეგორ შადრინი და ნიკიტა ხარჩენკო განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექ სტარტაპებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებიან, როგორიცაა: პროდუქტის შექმნა, ოპტიმიზაცია, ქლაუდ სერვისების გამოყენება და არქიტექტურის სწორად აგება. ამასთან, პრეზენტაციის ფარგლებში სპიკერები დეტალურად ისაუბრებენ ამაზონის ვებ-სერვისებზე (AWS) და მათი გამოყენებით პირველი პროტოტიპებისა და მინიმალური ღირებულების პროდუქტების (MVP) შექმნაზე.

ვებინარს მოდერატორობას საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი გაუწევს. სპიკერების პრეზენტაციის შემდეგ კი ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ვებინარი ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

„ფინტექ მიმართულების განვითარება და სფეროთი დაინტერესებული ადამიანების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასიხარულოა, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, Amazon-ის მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად ვუმასპინძლოთ ამ მიმართულების ვებინარს. ის გზა, რომელსაც სტარტაპები განვითარების ადრეულ ეტაპზე გადიან. არც თუ ისე მარტივია და მნიშვნელოვანია, რომ მათ კომპეტენტურ რჩევებს გამოცდილი სპიკერები გაუზიარებენ. ვებინარის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტარტაპებს ამ რთული გზის მარტივად გავლაში“, – განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა.

ვებინარში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

ვრცლად სპიკერების შესახებ:

ეგორ შადრინი Amazon Web-ის გადაწყვეტილებების უფროსი მენეჯერია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ის აქტიურად მუშაობდა სტარტაპებთან ლოს ანჯელესში, სადაც კომპანიებს აქსელერაციის სრულ პროცესში უწევდა ტექნიკური მიმართულებით მენტორობას. როგორც Amazon Web-ის წარმომადგენელი, ის ავითარებს და ეხმარება სტარტაპ ეკოსისტემებს უკრაინაში, საქართველოში, ბელორუსში, სომხეთსა და ყაზახეთში.

ნიკიტა ხარჩენკო Amazon Web-ში სტარტაპების განვითარების მიმართულებით ეწევა საქმიანობას. ბოლო 5 წლის განმავლობაში ის აქტიურად მუშაობდა სტარტაპებთან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და მათ მენტორობას უწევდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ბაზრებზე გასვლის სტრატეგია, პროდუქტის მარკეტინგი, ბრენდის აგება და ფინანსების მოზიდვა. დღესდღეობით ის სტარაპ ეკოსისტემების განვითარებას უწყობს ხელს უკრაინაში, საქართველოში, ბელორუსში, სომხეთსა და ყაზახეთში.

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან 190 ათასი ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს

საქათველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია GIZ-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს. რეგიონებში …