საქართველოსა და თურქეთს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების ლიბერალიზაციის მიზნით მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა

წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და თურქეთის დელეგაციებს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემდგომ ლიბერალიზაციაზე, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ორმხრივი ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში 2016 წლიდან მიმდინარეობდა.
ერთობლივი კომიტეტის მე-13 შეხვედრა 23 დეკემბერს თბილისში ჩატარდა. დელეგაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ ხელმძღვანელობდნენ.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ პროდუქტების ჩამონათვალზე, რომლებიც საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით უკვე ლიბერალიზებულ პროდუქტების სიას დაემატება. შედეგად, საქართველოში თაფლის, ხილის წვენებისა და ჯემების, კონსერვების, ჩირეულის, მწვანე ჩაის და სოფლის მეურნეობის სხვა მთელი რიგი პროდუქციის მწარმოებლები შეძლებენ, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეიტანონ ან გაზარდონ პროდუქცია თურქეთის ბაზარზე.
2022 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რომლის დროსაც შეთანხმების ტექსტში ცვლილები ოფიციალურად შევა.
დელეგაციების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ორმხრივი ერთობლივი კომიტეტის ფორმატის მნიშვნელოვან მიღწევას – 2021 წლის აპრილში საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამმხრივ ვაჭრობას და ხელს შეუწყობს ექსპორტის სტიმულირებას ახალ სექტორებში.
აღინიშნა, რომ მხარეები აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომსახურებით ვაჭრობაზე გავრცელების მიზნით. შეხვედრაზე განხილულ იქნა ტრანსპორტის, ფიზიკურ პირთა გადაადგილებისა და ელექტრონული კომერციის მომსახურების დანართის ტექსტები.
მხარეთა გადაწყვეტილებით, კომიტეტის მომდევნო შეხვედრამდე მოლაპარაკებები ექსპერტების დონეზე გაგრძელდება.

 

შემთხვევითი სიახლე

სეს-მ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, დ. ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე. საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული  შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). …