საქაერონავიგაციამ თბილისის აეროპორტში დაფრენის ახალი ინსტრუმენტალური სისტემა დაამონტაჟა

თბილისი (BPI) – “საქაერონავიგაციამ” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენის ინსტრუმენტალური სისტემების ჩანაცვლების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.

“საქაერონავიგაცია” პასუხისმგებელია ისეთი ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ გამართულ მუშაობაზე, რომლებიც ეხმარება საჰაერო ხომალდებს, განახორციელონ ზუსტი და უსაფრთხო ფრენა. ინსტრუმენტალური დაშვების სისტემა  –  ILS წარმოადგენს თვითმფრინავის “გზამკვლევს” და უზრუნველყოფს ავტომატურ რეჟიმში საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ზუსტი დაფრენის შესაძლებლობას.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კომპანია SELEX – ის მიერ წარმოებული ორი დაფრენის ინსტრუმენტალური სისტემა (ILS) ფუნქციონირებს. პირველი ეტაპი ILS 13R – ის ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. აღნიშნულ სისტემას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ამერიკული კომპანია Selexs ES Inc ამონტაჟებს. კომპანიამ ჩაატარა აეროპორტის კვლევა, შეიმუშავა და დაამტკიცა აპარატურის დაყენების ადგილის და სრულყოფილი ფუნქციონირების საერთო მონაცემები. სამონტაჟო სამუშაოები ამერიკელმა სპეციალისტებმა საქაერონავიგაციის თანამშრომლებთან ერთად შეასრულეს. ინსტრუმენტალური დაშვების სისტემის შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით არსებული აპარატურის დემონტაჟი და ახლის დამონტაჟება ეტაპობრივად განხორციელდა.

აღნიშნული სისტემის გამართულად მუშაობას ჩეხური კომპანიის თვითმფრინავი-ლაბორატორია შეამოწმებს. საფრენოსნო შემოწმება გულისხმობს ობიექტის შემოფრენას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით, რომელიც აგროვებს მონაცემებს მისი მუშაობის შესახებ. საფრენოსნო შემოწმების აღნიშნული წესები და სტანდარტები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ არის დადგენილი. განახლებული ILS 13R ექსპლუატაციაში შემოფრენის პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. დაფრენის ინსტრუმენტალური სისტემების  განახლების მეორე ეტაპი 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

გახარიასთვის საპენსიო რეფორმა სოციალური სტაბილურობის გარანტია, სურგულაძის გადადგომაზე კი კომენტარს არ აკეთებს

თბილისი (BPI) – საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი როგორც სოციალური სტაბილურობისა ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის გრძელვადიანი, …