სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის ქვეყნების 100 მლნ-იანი ბაზრის ასათვისებლად ბიზნესპლატფორმა შეიქმნება

თბილისი (BPI) – ამერიკული „რამსფელდის ფონდის“ პროგრამის ფარგლებში არსებული პოტენციალი განიხილეს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“, რომელიც ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ათ ქვეყანას აერთიანებს მონღოლეთისა და ავღანეთის ჩათვლით.

როგორც კავკასიის ეკონომიკური ინსტიტუტის დამფუძნებელმა და შვეიცარიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა, სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის ათი ქვეყნის 100-მილიონიანი ბაზრის ათვისებისთვის ბიზნესპლატფორმა იქმნება. ფოკუსი, ძირითადად, ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებაზე გაკეთდება.

როგორც მამულაშვილი განმარტავს, პროგრამა უკვე 10 წელია, მიმდინარეობს და ის, ძირითადად, პროგრამის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების ექვსკვირიან ვიზიტს მოიცავს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი განმარტებით, ამ ვიზიტის დროს დელეგაციის წევრები ხვდებიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებს, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ბოლო ვიზიტი მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში შედგა და მის საკვანძო საკითხს პროგრამის მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივა წარმოადგენდა. თუმცა, საქართველოს აშშ-თან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დამყარების თემაც აქტიურად განიხილებოდა.

როგორც მამულაშვილი განმარტავს, ეს იყო ერთ-ერთი თემა, რომლის გარშემოც ძალიან ბევრი კითხვა ისმოდა. საქმე ისაა, რომ საქართველოს 3.7-მილიონიანი მოსახლეობა შესაძლოა, ამერიკისთვის მიმზიდველი ბაზარი არ იყოს, მაგრამ როგორც ვამბობთ, სიმბოლიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უფრო პოლიტიკური ჟესტია, რომ საქართველოსთან არსებული ურთიერთობა გამყარდეს და ხაზი გაესვას ჩვენს პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან.“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

მისი ინფორმაციით, „რამსფელდის“ პროგრამის ფარგლებში ბოლო ვიზიტის დროს ხაზი გაესვა, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითო რეფორმატორი ქვეყანაა და ამიტომ ის ერთგვარი ხიდის ფუნქციას შეასრულებს, რომ ე.წ. დიდი აზიის ქვეყნებთან წვდომა გაადვილდეს. მამულაშვილის განმარტებით, რეგიონის ათ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა მხოლოდ 11 მილიარდ აშშ დოლარია და ეს 100-მილიონიანი ბაზარი, პრაქტიკულად, აუთვისებელია.

მისი განმარტებით, ამ ექვსი კვირის განმავლობაში რაც დავინახეთ, არის ის, რომ ამ ქვეყნებს ერთმანეთს შორის ძალიან მცირე სავაჭრო ურთიერთობა და მცირე ტურისტული მიმოსვლა გვაქვს. ბევრ ქვეყანას ერთმანეთთან პირდაპირი კავშირიც კი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლად არიან. ამ ექვსკვრიანი ვიზიტის შედეგი ის იყო, რომ ამ რეგიონის უზარმაზარი პოტენციალი დავინახეთ, რაც აუთვისებელია. არ არსებობს პლატფორმა, სადაც დავსხდებით და ერთმანეთს დაველაპარაკებით. ამ შემთხვევაში ბიზნესს ვგულისხმობრა შესაძლებლობები გვაქვს, რა ბარიერები არსებობს, როგორ გადავლახოთ ისინი და გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ურთიერთობა“, – განმარტა ნონა მამულაშვილმა.

მისივე თქმით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „რამსფელდის“ პროგრამის ათი მონაწილე ქვეყანა ერთიანი ბიზნესპლატფორმის შექმნაზე შეთანხმდა.

შესაბამისად, დაგვებადა იდეა, რომ აუცილებლად შეიქმნას ბიზნესპლატფორმა, სადაც ამ ქვეყნებდიან წამოსული ბიზნესორგანიზაციები ერთმანეთს არსებულ პოტენციალზე დაელაპარაკებიან და უფრო მყარ, მჭიდრო ურთიერთობას დაამყარებენ. ამ პლატფორმას ორგანიზაციის სახე ექნება. დამატებით დეტალებს შემდეგ გადაცემაში მოგახსენებთ“, – განაცხადა.  ნონა მამულაშვილმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი აცხადებს, რომ საქართველო წარმოადგენს ერთგვარ მაგალითს ამ ქვეყნებისთვის. მაგალითად, შემოსავლების და საერთაშორისო მოგზაურების მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის ყაზახეთი. რაც შეეხება თავად ქვეყნებს შორის ტურიზმის პოტენციალს, მისი ზრდის საკმაოდ დიდი შესაძლებლობებია.

მისი განმარტებით, ძალიან დიდი ზრდა ფიქსირდება უზბეკეთიდან. პირდაპირი რეისების დანიშვნის შემდეგ, ზრდა 120 პროცენტია. როგორც მამაცაშვილი განმარტავს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუშაობს იმისთვის, რომ წარმოჩნდეს ქვეყნის ტურისტული პოტენციალი როგორც ერთ–ერთი სამკურნალო–გამაჯანსაღებელი მიმართულება. „ძალიან მნიშნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა შორეული ბაზრების მოზიდვის კუთხით, რადგან ჩვენ ვიყავით აშშ–ში, დავსახეთ ბევრი გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას საერთო პროდუქტი ისეთი,რომელიც მიმზიდველი იქნება ამერიკელი ტურისტისთვის. ჩვენი ძალიან დიდი სურვილია და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ამერიკაში პირდაპირი რეისის  დანიშვნას, რაც ძირეულად შეცვლის ნაკადების რაოდენობას“–აღნიშნავს მამაცაშვილი.

კითხვაზე, რამდენად მომგებიანი იქნება  სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის ათი ქვეყნის 100-მილიონიანი ბაზრის ათვისებისთვის დაანონსებული  ბიზნესპლატფორმის არსებობა, მამაცაშვილი განმარტავს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ძალიან აქტიური იქნება პლატფორმის შექმნაში, რადგან  საქართველოსთვის ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა და ტურიტების მოზიდვა მნიშვნელოვანია.  მისი განცხადებით,  ეს პლატფორმა ამისთვის კი დამატებითი საშუალება იქნება.

 

შემთხვევითი სიახლე

11 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ $3,05 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო

თბილისი (BPI) – წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ნოემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,051 მლრდ დოლარის შემოსავლი …