საავტომობილო საწვავის ბაზარზე დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (გალფი) მიერ „იბერია სერვისის“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურის იჯარის აღებით გზით დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კონცენტრაცია ეხება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზარს. ამ ეტაპზე, სააგენტო განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს სწავლობს.

აღნიშნულ გაერთიანებასთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების თანახმად, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა მოსაზრებები წარმოადგინონ, არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, სააგენტოს ელ. ფოსტაზე: info@gnca.gov.ge ან მისამართზე – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-10 სართული.

სააგენტოსათვის წინასწარ შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს. სააგენტოში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება შემძენ ან/და კონტროლის უფლების მომპოვებელ პირს.

წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში განისაზღვრება ჯარიმა – კომპანიის გასული წლის ფინანსური ბრუნვის 5%-მდე ოდენობით. კონცენტრაციის შეფასების საფასური 5000 ლარს შეადგენს.

2022 წელს, სააგენტომ 4 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. 2022 წლის 6 თვის მონაცემებით კი საქართველოში 9123 კონცენტრაცია განხორციელდა.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …