რუსეთის მოთხოვნა, რომ გადახდა რუბლში მომხდარიყო, საფუძველშივე აბსურდული იყო – გიორგი აბაშიშვილი

რუსეთმა თავისი მოთხოვნით ევროკავშირს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ევროკავშირს კიდევ უფრო სწრაფად, უფრო ხისტი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები დამოკიდებულების შესამცირებლად,- ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, „ჯეოქეისის“ მკვლევარმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა დასავლეთის პოზიცია, რომლის თანახმადაც, რუსეთს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნაზე უარი უთხრა.

აბაშიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი ევროკავშირის მიერ წაყენებულ პირობაზე უარს იტყვის. მისი თქმით, რუსეთი აღარ არის პირობების განმსაზღვრელი სუბიექტი.

„ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ვნახეთ, რაოდენ ერთიანია ის სანქციებთან მიმართებით, რომელიც რუსეთს დაუწესა. ევროკავშირმა და ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობამ, კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას გაუძლო და კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა.

რუსეთის მოთხოვნა, რომ გადახდა რუბლში მომხდარიყო, საფუძველშივე აბსურდული იყო. რუსეთი ცდილობს, მის ფაქტობრივად განადგურებულ საფინანსო სისტემას რაღაც ტიპის ფუნქცია მაინც დაუბრუნოს. თუმცა ეს უკვე შეუძლებელია და ცალსახად, ცხადზე ცხადი იყო, რომ ევროკავშირი ამ მოთხოვნას არცერთ შემთხვევაში არ დაჰყვებოდა. რეალურად, რუსეთს ფაქტობრივად ერთადერთი ყველაზე უფრო მტკივნეული თემა რჩება, რომელიც მას ნამდვილად ძალიან აწუხებს – ეს არის ბუნებრივი აირის გაყიდვიდან მისაღები შემოსავალი. არ ველოდები, რომ რუსეთი უარს იტყვის ევროკავშირის მიერ წაყენებულ პირობაზე. რუსეთი აღარ არის პირობების განმსაზღვრელი და მოკარნახე სუბიექტი. ნავთობი და გაზი ფაქტობრივად ერთადერთი საგარეო შემოსავლის წყაროა, რითაც ჯერ კიდევ ცოცხლობს. რუსეთმა თავისი მოთხოვნით ევროკავშირს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ კიდევ უფრო სწრაფად, უფრო ხისტი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები, რომ დამოკიდებულება შეიმციროს და იყო კიდეც ამაზე მინიშნებები. კლიმატური, სეზონური სიტუაციიდან გამომდინარე, ისედაც, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა დღითიდღე მცირდება. ასე რომ, შანტაჟი, რომელიც შეიძლებოდა რუსეთს იანვარში გამოსვლოდა, ვერ გამოუვა აპრილში, აპრილის ბოლოს და მითუმეტეს, მაისში. ვიცით, რომ მას შეუძლია ადამიანების ბედით განახორციელოს შანტაჟი, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანები ნაკლებად იქნებიან დამოკიდებულები ბუნებრივ აირზე.

რუსეთის ასეთი ქმედებები ნამდვილად კარგია იმიტომ, რომ ევროკავშირი და დანარჩენი მსოფლიო ხვდება, რომ რუსეთთან არცერთი ნაბიჯის დათმობა არ ღირს, რადგან რუსეთი ნებისმიერ მდგომარეობაში აჩვენებს მის სახეს. მთავარი არის რუსეთისგან რაც შეიძლება სწრაფად დისტანცირება და ვფიქრობ, ეს მოხერხდება. ბოლო ბერკეტებია რუსეთის, რითაც ის ოდნავ მაინც აცოცხლებს საკუთარ ეკონომიკას. ამ ბერკეტების გამოცვლის შემდეგ ეკონომიკის ჩამოშლის სხვა მასშტაბები იქნება. ჩამოშლა გარდაუვალია, უბრალოდ დროში საოცრად, ბევრად მეტად დაჩქარდება.

ერთადერთი, რა საშუალებითაც დღეს რუსეთი რუბლს ასულდგმულებს, ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს, ეს არის შემოსავლები ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან. ამ ფაქტორის გამოცლა და შემცირება ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო სწრაფად მოხდება ამ ისედაც გარდაცვალების პირას მყოფი ვალუტის და მთლიანად საფინანსო სისტემის დასრულება. ეს პროცესს აჩქარებს. მომწონს ეს – განაგრძოს რუსეთმა ასეთი შანტაჟი, უბრალოდ ერთ დღეს გაიაზრებს, რომ აღარასდროს დაბრუნდება დრო, როდესაც ის ვინმეს რამე პირობას უკარნახებს“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი, კონტინენტის შანტაჟისთვის, ენერგეტიკას ვეღარ გამოიყენებს. მისი თქმით, რუსეთს არ მიეცემა უფლება, ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნის შესახებ, რადგან ეს იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლა.

წყარო: IPN

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტიციების მოზიდვას ნავთობის და გაზის როგორც საძიებო, ისე მოპოვებით სფეროში – დავითაშვილი

თბილისი კონტინენტური ევროპის ენერგეტიკული საბჭოს 54-ე შეხვედრას მასპინძლობს, რომელშიც ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე 70 …