როგორ მოკლეს ადგილობრივი წარმოების თამბაქო იმპორტიორების სასარგებლოდ

მსოფლიოში ყველა ქვეყანა ცდილობს დაიცვას ადგილობრივი წარმოება და თავისუფალი ბაზრისა და კაპიტალიზმის სამშობლოდ მიჩნეული ქვეყნებიც კი ატარებენ პროტექციონისტულ პოლიტიკას ამა თუ იმ ფორმით. ჩვენს რეალობაში ეს პირიქით ხდება და გააზრებულად თუ გაუაზრებელი რეგულაციებით ადგილობრივ წარმოებას, იმპორტის სასარგებლოდ ვკლავთ.

სწორედ ასეთია ადგილობრივი წარმოების თამბაქოს საქმეც. სადაც, ადგილობრივი წარმოება გაკოტრებისთვის გაიწირა. სამაგიეროდ, ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, იმავე სახის იმპორტირებული პროდუქტის შემოდინება ქვეყანაში. ყველაფერი კი `თამბაქოს შესახებ კანონით~ დაიწყო. იმდენად, რამდენადაც კანონი ყოველგვარი ეკონომიკური ანალიზისა და გათვლების გარეშე იქნა მიღებული, მან თავიდანვე ბევრი პრობლემა შექმნა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვნად კანონმა ამოქმედებისთანავე ადგილობრივ წარმოებას დაარტყა.

იმის გასაგებად, თუ როგორ მოახერხა ერთმა თითქოსდა უწყინარმა რეგულაციამ ადგილობრივი წარმოების ჩანაცვლება, იმპორტული საქონლით, ქრონოლოგიურად გადავავლოთ თვალი კანონპროექტის იმ ბნელ მხარეებს, რომელიც არავის გაუაზრებია და თუ გაიაზრეს ეს კიდევ უფრო ცუდია.

ყველაფერი იმ უტოპიური მიზნით დაიწყო, რომ თამბაქოს მოხმარება ფასების ზრდით შემცირებულიყო. სწორედ ამ მიზნით 2013 წლიდან 2019 წლამდე აქციზის განაკვეთი სიგარეტზე პერმანენტულად იზრდებოდა. ერთადერთი გამონაკლისი, მხოლოდ 2014 წელი იყო, როდესაც სიგარეტზე აქციზი არ გაზრდილა. როგორც მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს ფასების ზრდა მოხმარებაზე მნიშვნელოვნად არ მოქმედებს. ანალოგიურად მოხდა ჩვენთანაც ფილტრიან სიგარეტზე ფასების პერმანენტულმა ზრდამ მომხმარებელი ადგილობრივ წარმოებაზე გადაიყვანა, რომელსაც აქციზის ზრდა, შედარებით ნაკლებად შეეხო. შესაბამისად, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს 1.6 % -ით ნაკლები ღირებულების თამბაქოს იმპორტი განხორციელდა ქვეყანაში.

სამაგიეროდ გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა ადგილობრივი წარმოება იმავე პერიოდში. მაგალითად, თუ 2015 წელს ადგილობრივ ბაზარზე 24 მლნ კოლოფი უფილტრო სიგარეტი იწარმოა, ეს ციფრი 2016 წელს 35 მლნ-მდე გაიზარდა. 2017-ში კი ადგილობრივ ბაზარზე ნაწარმოებმა უფილტრო სიგარეტმა 73 მლნ კოლოფს გადააჭარბა.

როგორც მონაცემებმა ცხადყო, მიზანი მიღწეული ვერ იქნა და მწეველთა რაოდენობაც არ შემცირებულა. ანდაც როგორ უნდა შემცირებულიყო, აკი ვახსენეთ, იდეა ცალსახად უტოპიური იყო და მსგავსი ფაქტი მსოფლიოშიც არ გვხდება. თუმცა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ფორმალურად სწორედ ეს უტოპიური იდეა იქცა  ადგილობრივ წარმოებაზე გადამწყვეტი და სასიკვდილო დარტყმის მიტანის საფუძვლად.

გადამწყვეტი დარტყმის თარიღად კი 2019 წლის პირველი იანვარი შეირჩა. სწორედ, პირველ იანვარს ამოქმედდა გადასახადების მთელი ჯგუფი, რომელსაც უნდა გაენადგურებინა ადგილობრივი წარმოება და ასეც მოხდა. კერძოდ, 2019 წელის პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ. ამას გარდა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. მანამდე უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადი 60 თეთრი იყო. ცხადია, მაღალხარისხიანი და დაბალხარისხიანი პროდუქტის ერთი და იმავე პირობებში ჩაყენებით, უფილტრო სიგარეტი ყველამ მიივიწყა. ეს აქცია კი ცალსახად ადგილობრივი წარმოების წინააღმდეგ იყო მიმართული. იმდენად, რამდენადაც უფილტრო სიგარეტის 90%-ზე მეტი, სწორედ ადგილობრივი წარმოების იყო. შედეგმაც არ დააყოვნა და თუ 2016 -2017 წლებში ადგილობრივი წარმოების აღმავლობის ხანა იყო სულ რაღაც 2 წელიწადში ადგილობრივი წარმოება გამიზნულად მოკლეს.

კერძოდ, თუ ოფიციალურ მონაცემებს მოვიშველიებთ, 2019 წელს ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტზე გაცემული აქციზების რაოდენობა, 2018 წელთან შედარებით, 25 ჯერ შემცირდა. თუმცა, კიდევ უფრო დიდია შემცირება შეინიშნება ადგილობრივი წარმოების ფილტრიან სიგარეტზე, რომლის წარმოებაც 2019 წელს 27-ჯერ შემცირდა, წინა წელთან შედარებით.

როგორც ვხედავთ გამიზნულად თუ გაუაზრებლად ადგილობრივი წარმოება იმპორტიორების სასარგებლოდ მოვკალით. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. კიდევ ერთი გადაულახავი გამოწვევა, რომლის წინაშეც დაგვაყენა რეგულაციამ, არის კონტრაბანდული პროდუქცია, რომელიც როგორც ლეგალურ ბაზრებს, ისე ქვეყნის ბიუჯეტს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.

მაგალითად, 2018 წლის ივლის-სექტემბერში საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული უაქციზო თამბაქოს ღირებულებამ 98 000 ლარს გადააჭარბა. მეტი თვალსაჩინოებისთვის – 2014 წლიდან 2016 წლამდე ქვეყანაში კონტრაბანდული საქონლის შემოტანა 48-ჯერ გაიზარდა და ეს პროცესი მუდმივად გრძელდება. თუ გასული წლის მონაცემებს ჩავხედავთ დავინახავთ, რომ 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2019 წლის პირველ კვარტალში 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ქვეყანაში არადეკლარირებული თამბაქოს შემოტანის თაობაზე.

ამ ყველაფრის ფონზე კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გუგული მაღრაძემ გასულ კვირას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კანონი კეთილშობილურია, ის მოქალაქეების ინტერესებზეა მორგებული და მის გადახედვასაც არ დაუშვებს.

პეტრე ინაური, ბანკები და ფინანსები

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხის ნაკეთობების ბრენდი “თილისმა“ წარმოებას აფართოებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების …