რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტები მკურნალობის ხელმისაწვდომობას ითხოვენ

13 ივლისს, 19:00 საათზე, ვასო გოძიაშვილის სახელობის „წითელ ბაღში“ (მის: ალ. ყაზბეგის გამზირი) საინფორმაციო კამპანია „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში ექიმი რევმატოლოგები, პაციენტები და მათი მხარდაჭერები შეიკრიბებიან და სახელმწიფო სტრუქტურებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ დაავადების მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობას.

ღონისძიება რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის ეგიდით ეწყობა და მიზნად ისახავს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინფორმირებულობას დაავადებისა და მისი მკურნალობის შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ბიოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც პაციენტებს დაეხმარება მეტის გაკეთება შეძლონ დამოუკიდებლად, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ღონისძიების დასასრულს პაციენტები თაბაშირით საკუთარი დაზიანებული ხელების ყალიბებს შექმნიან. ეს იქნება ინვიდუალური გზავნილები სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, თუ რამდენად რთულია რევმატოიდულ ართრიტთან ერთად ცხოვრება, როცა სახსრები არ გემორჩილება. პაციენტების სურვილია სახელმწიფოს მიაწოდონ მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ “ყველაფერი ჩვენს ხელშია” და მკურნალობის შედეგად, მათი ცხოვრების და შრომისუნარიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ისინი შეძლებენ დარჩნენ საზოგადოების აქტიურ წევრებად.

ინფორმაცია დაავადების შესახებ

ართრიტი –  არის სახსრების მწვავე ანთებითი დაავადება, რომელიც უყურადღებობის შემთხვევაში არა მხოლოდ სახსრების ტკივილს არამედ, უუნარობასა და ინვალიდობას იწვევს.

რევმატოიდული ართრიტი, სისტემური აუტოიმუნური დაავადება, ხასიათდება სახსრების ქრონიკული ანთებით. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულია მსოფლიო პოპულაციის 1 %. ამ დაავადების დიაგნოსტირება დაფუძნებულია, როგორც კლინიკურ კრიტერიუმებზე ისე ლაბორატორიულ გამოკვლევებზე. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი, ქმედუუნარობის გამომწვევი  აუტოიმუნური  დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების შეშუპებას და დაზიანებას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დაავადებით დედამიწაზე ყოველი მეასე ადამიანი იტანჯება. ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მეტად დამახასიათებელია მისი გამოვლენა 35-დან 50 წლის ასაკის პერიოდში. რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხის და მაჯის სახსრები. სახსრების პროგრესირებად  შეუქცევად დაზიანებას თან სდევს შრომის უნარის თანდადანობითი დაქვეითება და დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა,  კიბეზე ასვლა, საჭმლის მომზადება და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტების ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში კარგავს  სამსახურს და საარსებო წყაროს.

რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ისეთი სისტემური გართულებები, როგორიცაა  გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებები, ოსტეოპოროზი, ანემია და ა.შ. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია 5-10  წლით იყოს შემცირებული.

დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადრე დაწყებული მკურნალობა აფერხებს დაავადების პროგრესირებას და სახსრების შეუქცევად დაზიანებას. მაგრამ სამწუხაროდ დიაგნოსტირებული პაციენტების უმეტესობა საქართველოში ვერ იღებს ადეკვატურ მკურნალობას, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო.

 

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.37 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.36 პროცენტია

2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 …