რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები დაფინანსების მოლოდინში არიან

თბილისი (BPI) – 31 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“  (მის.  მ.კოსტავას #14) გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება გაიმართება. შეხვედრის მიზანს, გაფანტული სკლეროზის შესახებ საზოგადოების  ცნობიერების ამაღლება,  დაავადების სიმპტომების ინფორმირებულობა და რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ღონისძიებას, რომელიც დაავადების საინფორმაციო კამპანიის #ერთადერთმანეთისთვის ფარგლებში ეწყობა, დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტები თბილისიდან, აჭარიდან და წამყვანი  ექიმი-ნევროლოგები, რომლებიც კიდევ ერთხელ შეაჯამებენ  არსებულ პრობლემებს, ისაუბრებენ დროულ დიაგნოსტიკაზე, მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით  და სახელმწიფოს კიდევ ერთხელ  შეახსენებენ, რომ რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები დაფინანსების მოლოდინში არიან.

ღონისძიებაზე ასევე მოწვეული არიან  აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროსა და თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები და მოწვეულ საზოგადოებას წარუდგენენ ანგარიშს შესაბამისი დაფინანსების პროგრამების  მიმდინარეობასა და  შედეგებზე.

ღონისძიებაზე მოხდება მადლიერების გამოხატვა თბილისის მერიისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსადმი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამის წარმატებით ამოქმედებისთვის, ასევე იმ პრობლემების განხილვა, რის გამოც რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის მკურნალობა ამ ეტაპამდე მიუწვდომელია..

 

ცნობისათვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წლიდან  გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს  ძვირადღირებულ მედიკამენტებს 25 ათასი ლარით უფინანსებს. ანალოგიური მომსახურებით 2020 წლიდან  სარგებლობენ  თბილისში მცხოვრები პაციენტები. დაპირებების მუხედავად, დღემდე მათთვის უცნობია რა ელით რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს 2021 წელს და იქნება თუ არა დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი.

ღონისძიების დასასრულს მოხდება ფოტო-პროექტის გაციფრულებული ვერსიის პრეზენტაცია. შეგახსენებთ, ფოტო-პროექტი კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს გაფანტული სკლეროზის შესახებ საზოგადოების  ცნობიერების ამაღლებასა და დაავადების სიმპტომების შესახებ ინფორმირებულობას.  ფოტო-პროექტის ავტორია ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი, რომელმაც  პაციენტების შეგრძნებები ფოტოებით გადმოსცა.

30 მაისს, მსოფლიო  გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, კამპანიას საქართველო 2018 წლიდან  შეუერთდა. მომზადდა ვიდეო რგოლიც, რომლის ძირითადი მონაწილეები იყვნენ

პაციენტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც ერთად მოუწოდებდნენ სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ პაციენტებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უნარების შეზღუდვის პროგრესირების შემცირების მიზნით. დღეს რეგიონში მცხოვრები პაციენტები კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან.

ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრამვული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში

მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა –  ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც  მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …